„მთავრობამ სახლი გადამიხურა, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: მალევე დაიწყო წყალმა გამოჟონვა, პირველ სართულზე ჩამოდის წყალი, ამ თავსხმაში უნდა ნახოთ, რა ხდება“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა. წყალმა ეზოები დატბორა და რიგ შემთხვევებში სახლებშიც შევიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკონ.
„ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში,შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 598707004“ _ განცხადება მერიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.
„მერე რა, რომ დავრეკოთ? 3 წლის წინ რომ გზა მეწყერმა დაგვიზიანა, დღემდე ისევ ისეა, არავის თავი არ შეუწუხებია, განცხადებაც დაწერილია და გეოლოგების დასკვნაც. ისედაც უვარგისი გზა კიდევ უფრო განადგურდა… ცოტა ხანში ვერც ერთი მანქანა ვეღარ გაივლის. როდის უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ისეთი ხალხი, რომ ჩვენც გვეშველოს“ _ წერენ ადგილობრივები.
ძლიერმა წვიმამ ისევ პრობლემები შექმნა ქალაქში, გია ურუშაძის ქუჩაზე, სადაც კანალიზაციის ჭიდან ისევ მოედინება ფეკალური მასები, რომელიც იქვე მცხოვრები მოსახლეობის ეზოებში ჩადის.
„შეხედეთ ეზოში რა ხდება, კანალიზაცია ეზოში შემოდის პირდაპირ… ამას ხომ არ ეშველა არაფერი. სანამდე შეიძლება ასე იყოს და დედა უტიროს ჩვენს ეზოებს. აჰა, შეხედეთ, წყალი როგორ მოჩქეფს. სულ ითეკება, შეხედეთ, ქუჩაში რას ჰგავს, რა მოდის, სანამდე შეიძლება ამის ატანა? სანამდე? რად გვინდა კანალიზაცია, თუ დაგვახრჩო?
ა, შეხედეთ, ეს შავი საშინელება მოდის, ამას ჰქვია საქმე? ფეკალიებში გვახჩობენ ეს დამპლები, თვითონ არიან, ხელფასებს იღებენ გემრიელად. არაფრის გამკეთებლები, ვერასდროს ფული ამისთვის ვერ გამონახეს. ამათ რაში სჭირდებათ შენი პატრონობა, თავს ყველა მშვენივრად პატრონობს. აი, ესაა ამათი სიტყვა და საქმე. აი, ნახეთ, რა გვიქნეს და რა დღეში ჩაგვაგდეს“ _ ამას აქაურები 2026 წლის 12 ივნისს ამბობდნენ.
მას შემდეგ 5 თვე გავიდა და საკითხი მოუგვარებელია. მოსახლეობას ეს პრობლემა თითქმის 30 წელია აწუხებს. როგორც გავარკვიეთ, მისი გადაჭრა შეუძლებელია საკანალიზაციო სისტემის გამოცვლამდეა, რისი სამუშაოებში ქალაქში მიმდინარეობს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემა წლების წინ უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ…
ნახეთ ვიდეო: „ამას როდის უნდა მიეხედოს, დავიწამლეთ ხალხი“
„არ მოვიდნენ ეხლა უცებ. თამარ მეფის ქუჩაზე, ქვევით სტადიონთან, ვერ გაივლით, გამოვცურე… ვინ არის გამკეთებელი? არც არავინ“ _ ამბობს ადგილობრივი.
უხვმა ნალექმა დიდი პრობლემები შექმნა სოფლებში, სადაც ადიდებულმა ღელეებმა დატბორა ეზოები, წყალი სახლებშიც შევიდა. მეწყერსაშიშ ზონებში რამდენიმე ადგილას მიწის ჩამოშლა გამოიწვია. „კვლებს არ აკეთებენ, სადაც საჭიროა და სადაც გააკეთეს, ცუდადაა მოწყობილი დამწრეტი სისტემა, თავისი ჭკუით აკეთებენ, იაფი რომ დაჯდეს. როცა ხედავ, ყველა გაწვიმებაზე ეზოები იტბორება, რაღაც ხომ უნდა შეცვალონ?“ _ ამბობს მოსახლეობა და სოციალურ ქსელში ადგილებიდან ვიდეოებს ავრცელებენ.
ნახეთ ვიდეო: ნიგოითში წყალი სახლებშიც შევიდა – სტიქია ლანჩხუთში
„ქალაქშიც არანაკლები მდგომარეობაა, სტიქიით დაზარალებულს მთავრობამ სახლი გადამიხურა, რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: მალევე დაიწყო წყალმა გამოჟონვა, თითქმის სამ ადგილას, მეორე სართულიდან პირველზე ჩამოდის წყალი, ამ თავსხმაში უნდა ნახოთ, რა ხდება… რომ შევაკეთებინო ჩემი პენსიით, ვერანაირად ვერ შევძლებ“ _ წერს ქალქში მცხოვრები.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემა აქვს: „მეც ასეთ დღეში ვარ, დიდთოვლობამ ისე დააზარალა ჭერზე აკრული მასალა, ჩამოვარდა, აღარც აკრული მაქვს და ის მასალა იატაკს დავაფარეთ. დღემდე შიშით ვარ, ყოველ ქარზე და ყოველ წვიმაზე. მარტო დახურვა შველის? სკამიც აღარ დაგვრჩა, ისეთ მდგომარეობაში ვართ. დედას ალცჰეიმერის აქვს და ასეთ პირობებში მყავს, ესაა მთავრობა?“




