„დიდი სცენოგრაფი და დიდი ფუნჯის დიდოსტატი“ – ასე უწოდა მას თეატრის ცნობილმა რეჟისორმა გივი გაჩეჩილაძემ. მისი ცხოვრების გზა სოფელ ქვიანში დაიწყო, ხოლო როგორც სასცენო მხატვრის წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯები ლანჩხუთის თეატრის სცენაზე გადაიდგა…
დღეს ჩვენ მოგითხრობთ საამაყო ლანჩხუთელზე, გამორჩეულ სცენოგრაფზე, რომელმაც თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში, თუმცა, სამწუხაროდ, მის შესახებ მშობლიურ ლანჩხუთში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. არადა, სწორედ აქ, მშობლიურ რაიონში დაიწყო ლეგენდა სახელად – ივანე ასკურავა!
ლანჩხუთის მხარეთმოცდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ლალი რამიშვილმა წლების მანძილზე მოიკვლია და დიდი მხატვრის შესახებ საინტერესო ამბებს მოუყარა თავი.
შემდგომში სახელგანქმული ივანე ალექსის ძე ასკურავა 1917 წლის 9 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დაიბადა. ეს სოფელი ასკურავათა გვარის მშობლიური კუთხეა. მათი წინაპრები ძველად მესაქონლე ხალხი ყოფილან. გვარის წარმომავლობაც აქედან მოდის: ას-კურავა, ანუ ასი კუროს მფლობელი. აღსანიშნავია ასევე, რომ ეს გვარი მკურნალ გვართა რიცხვს მიეკუთვნება. ქართული ხალხური მედიცინის ისტორიაში მათი სამკურნალო საიდუმლოება მოტეხილობის მკურნალობაა. წამლის ისტორია მე-18 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და გვარით გადაეცემა თაობიდან თაობას.
ივანეს მამა _ ალექსი ასკურავა სპეციალობით ეკონომისტი გახლდათ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას სახალხო მასწავლებლის წოდება ჰქონდა მინიჭებული. მას უკავშირდება სოფელ ქვიანში პირველი ოთხწლიანი დაწყებითი სკოლის დაფუძნება, რომლის პირველი მასწავლებელი თავად იყო.
ივანემ, იგივე ჟუნიამ, როგორც მას სოფელში ეძახდნენ, ბავშვობა ქვიანში გაატარა. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო თბილისში. 1933 წელს სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც ხელმძღვანელობდა პროფესორი ვალერიან სიდამონ-ერისთავი. აკადემიაში მისი მასწავლებლები იყვნენ: დავით კაკაბაძე, მოსე თოიძე, სერგო ქობულაძე. 1939 წელს მან დაიცვა დიპლომი პროფესორ მოსე თოიძის ხელმძღვანელობით.
აკადემიის დამთავრების შემდეგ ივანე ასკურავა გაანაწილეს ლანჩხუთის ახლად დაარსებულ სახელმწიფო თეატრში მხატვარ-დეკორატორად. პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. ლანჩხუთში მუშაობის დროს, 1939 წელს გააფორმა პირველი სპექტაკლი _ ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ (რეჟისორი გრიგოლ ლაღიძე).

ივანე ასკურავას კოსტიუმებისა და დეკორაციების ესკიზები ოპერებისთვის: ლატავრა (1950 წ.), გლახის ნაამბობი (1955 წ.), ჩრდილოეთის პატარძალი (1958 წ.), რიგოლეტო (1963), მთების გული (1962 წ.)
1940 წლის 2 იანვრიდან პროფესორ ვალერიან სიდამონ-ერისთავის წარდგინებით, ივანე ასკურავა მუშაობას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, დამდგმელ მხატვრად. 1941 წელს დადგა პირველი სპექტაკლი „რახილი“.
თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ივანე ასკურავამ გააფორმა ორასამდე დრამატული, საოპერო-საბალეტო სპექტაკლი, კინო-ტელე ფილმები, ტელეგადაცემები. მისი ესკიზების საფუძველზე შეიქმნა კოსტიუმები სხვადასხვა სახელმწიფო-საცეკვაო ანსამბლებისათვის, მათ შორის სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლისათვის 1948 წელს.
მხოლოდ 33 წლის გახლდათ, როცა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებამიენიჭა.
მას ნამოღვაწარი აქვს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან და მოღვაწეებთან, როგორებიც არიან: ალექსანდრე წუწუნავა, გოგი გაჩეჩილაძე, დოდო ალექსიძე, ვასო ყუშიტაშვილი, სოლიკო ვირსალაძე და სხვ. მისი შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბალეტო ცეკვის ჯადოქართან, ვახტანგ ჭაბუკიანთან, რომლის 20-მდე საბალეტო სპექტაკლი აქვს გაფორმებული.
ივანე ასკურავას დეკორაციებით დაიდგა სპექტაკლები მრავალი ქალაქის სცენაზე: ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ბოლნისში და სხვ. 1966 წელს ქუთაისის საოპერო თეატრი გაიხსნა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“. გარდა ოპერისა და ბალეტის თეატრისა, მას გაფორმებული აქვს სპექტაკლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, მოზარდ მაყურებელთა და მუსკომედიის თეატრებში. მინიჭებული აქვს დრამატული თეატრების საკავშირო კონკურსების ლაურეატის წოდება.
საქართველოს გარდა მისი ესკიზები ცნობილია ჩენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც: კუიბიშევის, ერევნის, უნგრეთის ქალაქ სეგედის, მაიკოპის თეატრებში. გაფორმებული აქვს აგრეთვე სრულმეტრაჟიანი ტელეფილმი _ შექსპირის „მეთორმეტე ღამე“, რის გამოც მოიპოვა „ოქროს საწმისის“ ლაურეატობა, მხატვრული ფილმი-ოპერა _ „აბესალომ და ეთერი“, კინოჩანახატები ზაქარია ფალიაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
იგი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკურ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოფენებში. მისი ნამუშევრები, მხატვრული ტილოები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის ცნობილ მუზეუმებში, კერძო კოლექციებში _ აშშ-ში, გერმანიაში, იუგოსლავიაში და თურქეთში.
1995 წელს აღინიშნა მხატვრის 80 წლის იუბილე. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა იუბილარს მიუძღვნა საბალეტო სპექტაკლი „გორდა“, რომლის მხატვარიც თავად გახლდათ. იმავე წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1999 წელს თბილისის ეროვნულ გალერეაში მოეწყო ივანე ასკურავას ნამუშევართა პერსონალური გამოფენა, რომელიც მხატვარმა მიუძღვნა თავის მასწავლებელს ვალერიან სიდამონ-ერისთავს, რომელმაც განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა, მან მიიყვანა იგი ოპერის თეატრში, სადაც 57 წელი გაატარა.
იგი თავის წერილში „მოგონებები ჩემს მეგობრებზედ“ აღნიშნავს, რომ „ბატონი ვანო იყო შეუდარებელი ნიჭის სცენოგრაფი, ერთგული მეგობარი, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ადამიანი, მის მიერ შექმნილი დეკორაციები თუ კოსტიუმები ემოციურ დატვირთვას ატარებს და უშუალოდ კავშირშია დრამატურგიასთან, კოსტიუმები შესრულებულია ისე ხატოვნად, რომ ისინი თამაშობენ. მას შეეძლო შეექმნა სანახაობითი თვალსაზრისით მიმზიდველი სპექტაკლები, სცენოგრაფიულად გაეაზრებინა ნაწარმოების იდეა და მაყურებელი თეატრალური ზეიმისათვის ეზიარებინა. მასთან მუშაობა იყო უდიდესი სიამოვნება. მისი ესკიზები ახალი მიზანსცენის მოფიქრებისაკენ მიბიძგებდა“.
ლანჩხუთში მუშაობის პერიოდში 1939-40 წლებში, ბატონმა ივანემ ცოლად შეირთო ლანჩხუთელი ქალბატონი ნინო ნოეს ასული სარჯველაძე, რომელიც 60 წლიანი ერთობლივი ცხოვრების მანძილზე აქტიური მონაწილე იყო მეუღლის წარმატებისა.
ლანჩხუთელი სცენოგრაფის მშობლიურ რაიონთან სამსახურებრივი კავშირების შესახებ გვიყვება თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე.
როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, ბატონ ივანეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობსა და რეჟისორთან, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან, ვალოდია წულაძესთან.
მისი რეჟისორული მოღვაწეობის პერიოდში ივანე ასკურავამ გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი: ნიკოლოზ მახარაშვილის – „განა ეს სიყვარულია“ (1966-67წწ.), დავით კეჟერაძის – „დამნაშავე“ (1964 წ.), მეიო და ენიკენის – „ბიჭუნა“ (1960 წ.).

მარცხნიდან: როზა ნოზაძე, მარგო ჩხარტიშვილი, ივანე ასკურავა, ვალოდია წულაძე და თამარ კირთაძე | სპექტაკლის „ბიჭუნა“ შემდეგ, თბილისი, 1960 წ.
სპექტაკლი „ბიჭუნა“ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივი სახალხო თეატრისათვის. კერძოდ, 1960 წლის მხატვრული თვითმოქმედების მე-9 რესპუბლიკური ოლიმპიადაზე, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა უმასპინძლა, ლანჩხუთის სახალხო თეატრის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ვალოდია წულაძეს საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო სახისთვის სპეციალური პრიზები გადასცეს, ასევე როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს მსახიობები: თამარ კირთაძე, როზა ნოზაძე და გივი ურუშაძე.
აღსანიშნავია, რომ ივანე ასკურავამ სპექტაკლისათვის თავისი სახლიდან მიიტანა ავეჯი მარჯანიშვილის თეატრში და სპექტაკლის წარმატება მისი დამსახურებაც იყო.
ივანე ასკურავას 2002 წლის სექტემბერში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სამი შვილი ჰყავდა _ ნანა და მეგი მუსიკის პედაგოგები არიან, ზაზა ინჟინერი გახლდათ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
სცენოგრაფს წარმატებული შვილიშვილები ჰყავს, რამდენიმემ აშშ-ში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები და იქვე მუშაობენ, სალომე ჟორდანია წარმატებული პიანისტი და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, გიორგი ჟორდანია _ დირიჟორი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.
ლანჩხუთელი ლეგენდარული სცენოგრაფის მრავალრიცხოვანი შთაომამავლობა მხატვრის სამყაროში ცხოვრობს და მისი სიყვარულით იზრდება.





