BEKSGRAPH და ორი მარიამის ბოლო ზარი აკეთის საჯარო სკოლაში _ რას ჰყვებიან გოგონები „ორკაციან“ კლასში სწავლასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე

|

Loading

ორი მარიამი აკეთის საჯარო სკოლიდან | ფოტო: Beksgraph

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა. მარიამ მორჩილაძისა და მარიამ მათითაიშვილის ბოლო ზარის კადრები მათმა ფოტოგრაფმა, Beksgraph-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გოგონებმა არაერთი თბილი კომენტარი და კეთილი სურვილი მიიღეს. მათი ბოლო ზარის ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩაერთო და როგორც ისინი ამბობენ, ბევრი კარგი მოგონებაც დააგროვეს.

მათ შესახებ წერს პოპულარული ვებპორტალი www.mshoblebi.ge:

ორი მარიამის მეგობრობა იმდენად მჭიდრო აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ხშირად “სიამის ტყუპებსაც” კი უწოდებდნენ. ისინი 12-წელია, ერთად სწავლობენ. როგორც მარიამ მორჩილაძე იხსენებს, “ორკაციან” კლასში სწავლას ბევრი პლუსი ჰქონდა, რადგან ყურადღება სრულად მათზე იყო მიპყრობილი:

-​ თავიდან, პირველი ცხრა კლასის განმავლობაში, სულ სხვა სკოლაში ვსწავლობდით. შემდეგ აკეთის საჯარო სკოლაში გადმოვედით და აქ სამი წლის განმავლობაში სწავლა მოგვიწია. თავიდან ოთხნი ვიყავით, მაგრამ მას მერე, რაც ის ორი ბავშვი გადავიდა, ისევ ორნი დავრჩით. მოკლედ, მე და მარიამმა ერთად ჯერ ცხრა კლასი დავამთავრეთ, შემდეგ კი – მეთორმეტეც. ​ბაღიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ.

ერთმანეთს იმდენად შევეჩვიეთ და იმდენად დიდ დროს ვატარებდით ერთად, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი სიამის ტყუპებსაც კი გვეძახდა. მგონი, ხანდახან ხმაც კი ერთნაირი გვაქვს… ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი გვყავდა. ​ბოლო ზარი ძალიან ემოციური აღმოჩნდა. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერც კი ვიჯერებდი, სკოლას თუ ვამთავრებდი.

სკოლის დასრულება ორივესთვის განსხვავებული, თუმცა თანაბრად ემოციური აღმოჩნდა. მარიამ მათითაიშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში ასეთ გამოხმაურებასა და ამდენ თბილ კომენტარს არ ელოდა:

– მარიამთან ერთად უკვე იმდენი ხანია, მოვდივარ… შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებოდით და გვერდში ვედექით, ბოლო ზარზეც ასე იყო. კიდევ ერთი გოგო იყო ჩვენთან ერთად, ბოლო წელს გადავიდა და ძალიან დამწყდა გული. მასაც იმდენად შევეჩვიე, რომ დანაკლისი მხოლოდ მაგ მხრივ გვქონდა, თორემ ისე, კლასში ორნი რომ ვიყავით, ეგ საერთოდ არაფერს აშავებდა. საგაკვეთილო პროცესშიც სრულად ვერთვებოდით და ყურადღებაც სულ ჩვენზე იყო.

ჩვენს ბოლო ზართან დაკავშირებით, ​სოციალურ ქსელებში ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაურიც იყო, რადგან, როცა არ ელი, ამდენი ადამიანისაგან ასეთი თბილი კომენტარების მიღება ძალიან სასიამოვნოა.

სრულად წაიკითხეთ სტატია: ორი მარიამის ბოლო ზარი – აკეთის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დასრულა. გოგონების ემოციები და “ორკაციან” კლასში სწავლის გამოცდილება