რატომ ვერ წარადგინა „ლანჩხუთმა“ მათ მოთამაშეებზე მეტოქე გუნდის ქომაგების თავდასხმის მტკიცებულება? „ნიკე-ლუსო“ აცხადებს, რომ კლუბის იმიჯი დაზიანდა…

|

Loading

„ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ შეხვედრა 2:1 და არეულობით დასრულდა

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მთავარი კონკურენტი „ნიკე-ლუსო“ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

„[სფფ-ის] სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე მატჩით დისკვალიფიცირდნენ. კომიტეტს, რომელსაც ორივე გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: გულშემატკივრის მხრიდან ფეხბურთელებზე შესაძლო ძალადობა, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ინციდენტი, რომელიც ანანო წიქარიძეს უკავშირდებოდა“ _ აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ნიკე-ლუსოს“ ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, კლუბი „ლანჩხუთთან“ იურიდიულ დავას აანონსებს: „ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის და მომუშავე პერსონალისთვის, უმნიშვნელოვანესია ხაზგასმა, რომ გულშემატკვირის მხრიდან არცერთ ფეხბურთელზე ძალადობა არ მომხდარა და შესაბამისად გუშინ ჩატარებულ სხდომაზე არცერთი მტკიცებულება არ/ვერ იყო წარმოდგენილი. მეტოქე გუნდის მხრიდან გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებსა და ტყუილ ბრალდებებს, რომლებმაც სერიოზულად დააზიანა ჩვენი გუნდის იმიჯი, შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა“.

ცნობისთვის: „ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ შეხვედრის დასასრულს ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოედანზე გარეშე პირები შედიან და აქტიურად მონაწილეობენ არეულობაში. გურული კლუბის განცხადებით, „ნიკე-ლუსოს“ თურქმა ქომაგებმა მათ ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელდა 16 წლის ანანო წიქარიძის განცხადება და ფოტო, სადაც სახეზე ჩანს დაზიანების კვალი.

„ლანჩხუთი“ მეტოქე გუნდის დასჯას ითხოვდა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა „ნიკე-ლუსოს“ მხოლოდ 3 მატჩის საშინაო არენაზე ჩატარება აუკრძალა. გურულები ასევე აცხადებდნენ, რომ თუ სათანადო ზომები არ იქნებოდა მიღებული, რაც მომავალ თამაშებში ფეხბურთელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ჩემპიონატს მიატოვებდნენ. ჯერჯერობით, უცნობია „ლანჩხუთის“ პოზიცია სადისციპლინო კომიტეტის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე.

ასევე უცნობია, რას უპასუხებენ გურული კლუბის მესვეურები „ნიკე-ლუსოს“ განცხადებას. აქვე საინტერესოა, რატომ ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, როცა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ამჟამად, სატურნირო ცხრილში მოქმედ ჩემპიონებს თბილისელები 6 ქულით უსწრებენ და დარჩენილ 4 ტურში ერთხელაც ვერ უნდა მოიგონ, ტიტულის მოპოვება რომ ვერ შეძლონ. ეს კი მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი – მიმდინარე სეზონში, „ნიკე ლუსომ“ მხოლოდ „ლანჩხუთში“ ითამაშა 0:0, სხვა ყველა მატჩი მოიგო.