ლანჩხუთის ქალთა გუნდის პრეტენზიები, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის მიწურულს მომხდარს მკაცრი რეაგირება მოჰყოლოდა, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა არ გაითვალისწინა. კერძოდ, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებზე თავდასხმის საქმეზე სანქცია არაა მიღებულა. დაისაჯა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე 5 ფეხბურთელი, აქედან ორი გურული კლუბის წევრია, ორივე ლეგიონერი _ სილმარის სმიტ-პაუელი 4 თამაშს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ხოლო მარია მურილო მხოლოდ ბოლო ტურში შეძლებს მონაწილეობას _ მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
რაც შეეხება „ნიკე-ლუსოს“, როგორც მასპინძელი კლუბი, სტადიონზე მაყურებლის გადასვლის გამო, მომდევნო 3 შეხვედრას სხვა ქალაქში ჩაატარებს.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, „ლანჩხუთი“ აცხადებს, რომ თბილისური კლუბის ქომაგები თავს დაესხნენ მათ ფეხბურთელებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქომაგები მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენამდე შედიან და აქტიურად ერთვებიან ფეხბურთელებს შორის არსებულ კონფლიქტში. ამასთან, გავრცელდა „ლანჩხუთის“ 16 წლის ფეხბურთელის, ანანო წიქარიძის ფოტოც, სადაც სახეზე ძალადობის კვალი შესამჩნევია. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ თურქი ეროვნების ქომაგმა მას სახეში მუშტი ჩაარტყა.
ამის მიუხედავად, „ნიკე-ლუსო“ ფინანსურ დასჯას გადაურჩა. არადა, მაყურებლის მიერ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებაზე სანქცია 5 ათასიდან იწყება და კიდევ უფრო მაღალია, თუ მაყურებელი ფეხბურთელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს.
არც მასპინძელი გუნდის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუხორციელებლობის გამო (37 და 38-ე მუხლები) დაისჯებიან დედაქალაქელები. არადა, სანქცია პირველ შემთხვევაში 5-დან 10 ათასამდე ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიცია და კლუბის უსაფრთოების სამსახური არ ცდილობენ მოედანზე გადასული ქომაგების შეკავებას.
რა რეაგირება მოჰყვება მიღებულ გადაწყვეტილებას „ლანჩხუთის“ მხრიდან, ამის შესახებ ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. უკვე გავრცელებული განცხადების მიხედვით, თუ ვერდიქტი არ იქნება სათანადო და არ შეიქმნება უსაფრთოების განცხდა შემდეგი შეხვედრებისთვის, გურულები საქართველოს ჩემპიონატს მიატოვებენ…





