რამაზ გვარჯალაძე: „სურვილი მაქვს, ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო, განათლების შესაძლებლობა, არ იყოს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი, ქვეყანა დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას“
დარეჯან ბურჭულაძე: „ყველაფერ ამას [რასაც ითხოვ], აკეთებს “ქართული ოცნება”. უბრალოდ, სურვილი უნდა გქონდეს, რომ დაინახო… ალექსანდრე სარიშვილი როგორი მერიცაა, 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ დაადასტურებს“
ლანჩხუთის მოქმედ მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელიც ამ პოსტზე კენჭს მესამედ იყრის, „ლალი მოროშკინას პოტკასტი“ სტუმრობდა. ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტის თქმით, ლანჩხუთში ცხოვრება წინ მიდის, ემიგრანტები ბრუნდებიან და ყველაფერი საუცხოოდაა. მართალია, მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი გაკეთდა და ქალაქის პარკიც მშვენიერია, მაგრამ ალბათ, შეფასებები მაინც გადამეტებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვეს ლანჩხუთელებმა და გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერისგანაც, აღარაფერს ვამბობთ ოპოზიციის მომხრეებზე.
მედეა სანტაბულო: „რამდენ ტყუილს ამბობ, არ გრცხვენია? ქოცების დამსახურებით ამოისუნთქა ხალხმა თუ ზუსტად ევროპა-ამერიკაში გასული ემიგრანტების ხარჯზე. ასე ატყუებთ თქვენ ხალხს უტიფრად, ურცხვად და უნამუსოდ. ამის ჯერა ხალხს?“.
ნონა სივსივაძე: „გადააფარეთ ლანჩხუთს ლურჯი ბრეზენტი და პატარა ბაზარია,მარკეტის და აფთიაქის მეტი რაა? თან ეს ყველა კერძოა, არა მერიის დაქვემდებარებაში. თქვენ რომ შემოსავალი გაქვთ, იმის მეათედი არ აქვთ აქ და რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს და 30 ათას ლარს აძლევენ, თან ისე, რომ თქვენ ნახეთ და ჩვენ გიყიდითო. რა უნდა იყიდონ ამ ფასად, როცა ამ დროს 100 ათასიანი ქონება დაენგრათ? ლანჩხუთის სილამაზე კი არის ფასადური, დაუბანელი ქალი რომ წაისმევს პომადას, აბა, უკანა მხარეები ნახეთ?! ან ჩვენ, ვინც 60 ბინიან კორპუსში ვცხოვრობთ და მოვიდა დასკვნა სამხარაულიდან, გამაგრებაა საჭირო, თორემ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, ამდენი ხანია რომ არ მოება თავი და სამჯერ ჩავარდა ტენდერის პროექტიო,ნუთუ რა ჯდება ეს პროექტი და ბინის გამაგრება, რომ ეს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა მერიამ ვერ გააკეთოს. ამ კორპუსს რომ თანხა ჭირდება, იმდენი ბურჭულაძემ ჯიბეში ჩაიდო და რამდენი იდებს კიდე ასე. ახლა „ნაცობა“ არ მომაკეროთ, ოღონდ გთხოვთ, „ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, მაგრამ პირადი უფრო მაღელვებს და არა მარტო მე, ყურადღება გვჭირდება“.
ნაზიბროლა მილორავა: „შენ დადექი ისე მყარად ფეხზე, როგორც გურიაა, მაგ სიმართლით იარე, ამდენ ტყუილს როგორ ლაპარაკობ? შენ ერთი ჩამოსვლით ძაან ხვდები, რა ხდება გურიაში“.
ინდირა ქურიძე: „მხოლოდ იმიტომ მოვუსმინე, ლანჩხუთის ამბების მეზღაპრე რამდენ ტყუილს იტყოდა, არ ვიცი, ისე რა უნდა გაუჭირდეს ხელისუფლებას ან თანამდებობის პირს, ამ მატყუარა ქალის გვერდით დაჯდეს და სერიოზულად დაელაპარაკოს, თურმე გურიაში ისე კარგი ცხოვრება გვქონია, უცხოეთიდან დაბრუნებულან. აქ თურმე, ამ ღარიბ რეგიონში საამურად გაუგრძელებიათ ცხოვრება, დიდთოვლობის დროს ჩემსავით, ბევრი დაზარალდა, მაგრამ ჩემ სოფელში უფრო ნაცნობობის დონეზეა დახმარებები, ჯერ რაც გავიგე…“
თამრიკო ჯიჯიეშვილი: „ნამდვილად ყურადღებიანი, სამართლიანი და ხალხის გვერდში მდგომი პიროვნება გახლავთ ბატონი ალექსანდრე, წარმატებები“
ნაზიბროლა მილორავა: „სამართლიანობა ისაა, ვისაც მართლა სჭირდება გვერდში დგომა და დახმარება, იმას რომ დაეხმარები, თორემ თავის ამომრჩევლებს, ვინც ხმას აძლევს, იმისათვის კი კარგია… თუმცა მაქაც არიან გამონაკლისები. წელიწადში ერთხელ სოფლებში მოსვლა წარმომადგენლებთან ერთად და ხალხთან გასაუბრება, როგორ უნდა ვერ შეძლოს, არჩევნების დროს ხომ კარგად მობრძანდება. კაი რა,ხალხისთვის არავინ იბრძვის…“
თამრიკო ჯიჯიეშვილი: „მთავრობისგან გინდათ დახმარება და კიდევაც ეხმარება ხალხს, ვერ ხედავ, მარტო ახლა რამდენი დანგრეული სახლი გადაიხურა და რამდენი რამ გაკეთდა მარტო ჩვენს სოფელში და თქვენ კიდევ მიშას მისტირით“
ელდარ შაინიძე: „ერთი ეგ მოროშკინა აკლდა ლანჩხუთს“.
ბურძგლა ბურძგლა: „აყვავებულის რა დეინახე, ყვავილები?“
ვაჟა გობრონიძე: „ახლა კარგად მომისმინეთ… თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით. ყველამ ვიცით სიმართლე, რაც ხდება ლანჩხუთში. გარემონტებული სკოლის ფასადი არ არი ყველაფერი, პრობლემები შიგნით უნდა ეძიოთ, ვფიქრობ, პროგრესის მაგივრად რეგრესია ჩვენს რეგიონში“.
ეკა ცერცვაძე: „წინსვლა და წარმატებები ჩვენს გურიას. საუკეთესო მერი ყავს. ღმერთმა დალოცოს ყველა სიკეთისათვის“.
მიმოზა ჭყონია: „სად ნახე ემიგრანტების შემოდინება? რა ზღაპრებს ყვები, ვის რაში ჭირდება ეს ტყუილები?“
რეზი ბარბაქაძე: „სად გეჩქარებოდა, აწი კიდე მოპთოვს, ვაი, ვაი, ვაიიი“.
ზემოხსენებულ პოტკასტში ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, რომ ლანჩხუთში ნაკლებად აღელვებთ თბილისში 200 ადამიანის პროტესტი, რამაც ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძე გააღიზიანა და მერს ვრცელი კრიტიკა მიუძღვნა. ჩვენ მთავარ ამონარიდებს გთავაზობთ.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამობრძანდა რუსული ოცნების ფიზიკური და მორალური სახე, „ქართული ოცნების“ დედა-მოროშკინა, რომელმაც თავის მხრივ ინტერვიუ ჩაწერა ჩვენი მუნიციპალიტეტის ე.წ. მერ სარიშვილთან. გულწრფელად ვამბობ, არც კი დავინტერესდებოდი ამ ჩანაწერით, მაგრამ იმდენი გაღიზიანებული ადამიანის პოზიცია მოვისმინე, გავიჭირვე და მეც მოვუსმინე ინტერვიუს” _ ამბობს გვარჯალაძე და მოქმედ მერს მიმართავს: „შენ სწორედ ის მერი ხარ, ვინც მოროშკინასთან უნდა ჩაწერო ინტერვიუ და თათარაშვილი ამღერო ნაძვის ხესთან, ხო, შენ სწორედ ის მერი ხარ, ვინც მოროშკინას სტუმრობა და გართობა თევზის დღესასწაულად გადააქციო და ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოყო “გულინკასთვის“.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი მერს წლევანდელი სტიქიის დროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აკრიტიკებს: „შენ ის მერი ხარ, ვინც აჭარიდან და მთელი საქართველოდან ჩამოსულ მოხალისეებს ახვედრებდი სხვადასხვა სოფლებში შენს მონებს ( ე.ი. მონის მონებს, შენ თავადაც ერთი კაცის ან რამდენიმეს მონა ხარ) და პრობლემებს უქმნიდი. დიახ, შენ ის მერი ხარ, ვინც აღარ დაეხმარე იმ ადამიანებს, ვინც მოხალისეების მისამართით მადლიერება გამოხატა, შენ ზუსტად იცი ამუშავებულ ტრაქტორთან დაკავშირებული ისტორია და დამახინჯებული ფორმით საუბრობ, ტრაქტორის მხოლოდ ძრავა მუშაობდა და მას სხვა სამუშაოს შესრულება არ შეეძლო“ _ ამბობს რამაზ გვარჯალაძე.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ადგილობრივი ოპოზიციონერების სკანდალურ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნა გონივრული ვარაუდი, რომ რადგან ტრაქტორი მუშაობდა, ამის გადაღება არ აწყობდათ.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი იმასაც წერს, რომ მერთან მისული მოქალაქეებიდან გადაჭრილი პრობლემით და მოგვარებული საქმით არავინ გამოსულა და ადამიანებს ზოგადი ფრაზებით პასუხობს: „მე ვინ მკითხავს“, „მე რა შემიძლია“, „თუ მოვახერხე, დაგეხმარები“ და ა.შ.
ასევე პირველ პირს საყვედურობს, რომ შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილზე მასწავლებლის მხრიდან ბულინგზე რეაქცია არ ჰქონდა და სოლიდარობა არ გამოუცხადა არც მუნიციპალიტეტის მოაზროვნე და პატრიოტ ახალგაზრდას, გიგი კილაძეს, რომელიც ანტისამთავრობო აქციაზე სასტიკად სცემეს. ასევე წერს, რომ მერი ამაყად საუბრობს საბავშვო ბაღებზე და რეალურად კი, „2024 წლის სექტემბერში დასასრულებელი ბაღების ბაღების (შრომისუბანი, ჯურუყვეთი, ეწერი, ჩიბათი) მშენებლობა ზოგან არც დაწყებულა და ზოგან შეჩერებულია“.
ოპოზიციონერის თქმით, სტიქიის დროს, „ლანჩხუთის მერი, სანამ თოვა არ დამთავრდა, ფიზიკურად გამქრალი იყო რადარებიდან“. ამაზე მას საკრებულოს წევრმა, დარეჯან ბურჭულაძემ უპასუხა: „ბოლომდე არ ჩავიკითხე, არ მინდა, ამდენი ტყუილის , მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრის პასკვილი წავიკითხო. ალექსანდრე სარიშვილი როგორი მერიცაა, ამას 4 ოქტომბერი კიდე ერთხელ დადასტურებს. ისე, ჩემო კარგო, არჩევნებიდან არჩევნებამდე, მართლა შარშანდელი თოვლივით რომ არ იკარგებოდე, ასეთი იაღლიში არ მოგივიდოდა,რასაც ამ პოსტის გამოცხობა ქვია“.
თავის მხრივ, რამაზ გვარჯალაძემ დაწერა: „არჩევნებიდან არჩევნებამდე, რასაც მე ვაკეთებ, ყოველგვარი რესურსის გარეშე, მეამაყება, არავის ვამადლი არაფერს და საკუთარი თავით უკმაყოფილო ვარ, მეტს რო ვერ ვაკეთებ, აქ ვერ აგიხსნი, რას ვაკეთებ, მაგრამ გეტყვი, სურვილი მაქვს, დასრულდეს რუსული მმართველობა, ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო, იყოს განათლების შესაძლებლობა, არ იყოს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი, ქვეყანა დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას, მინდა მომავალი თაობის ევროპული მომავალი და ამისთვის ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს და ვიბრძოლებ სამართლიანად, რაც მონებს არ შეუძლიათ“.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი საპასუხოდ წერს, რომ ამ ყველაფერს სწორედ „ოცნება“ აკეთებს და ამას დანახვა უნდა: „და ყველაფერ ამას [რასაც ითხოვ], აკეთებს “ქართული ოცნება”. უბრალოდ, სურვილი უნდა გქონდეს, რომ დაინახო… არგუმენტები აქ რომ მოგიყვანო, ძაან შორს წავალთ… გვექნება ამის დრო… ეჭვგარეშეა, სარჩევნო უბანთან გნახავ (პოლიტიკური ალღოთი ვხვდები, ვისაც ეხმარები) და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამარჯვებას მომილოცავ“.
სამაგიეროდ, ლანჩხუთელ ოპოზიციონერებს მოსწონთ რამაზ გვარჯალაძის წერილი. „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა წერს: „ეს უნდა წაიკითხოთ, ძალიან ზუსტი შეფასებაა“. ემიგრაციაში მყოფმა, ლელა ჩახვაძემ დაწერა: „მადლობა,ძლივს გავიგონე ნამდვილი ოპოზიციური ხმა ლანჩხუთიდან. ჩემი სათქმელი ნამდვილად თქვი“.
ზემოხსენებულ წერილში რამაზ გვარჯალაძე მოქმედ მერს მატყუარასა და უუნაროს უწოდებს და იქვე აგრძელებს: „შენ ის მერი ხარ, ვინც მოახერხე და შეძელი – ზაზა ურუშაძე „მოანატრე“ ლანჩხუთელებს“.
ცნობისთვის: ზაზა ურუშაძე 2013-17 წლებში იყო ლანჩხუთის გამგებელი/მერი და მას ოპოზიცია სისტემატურად უყენებდა ბრალდებებს.
რაც შეეხება ალექსანდრე სარიშვილს, ეს მის მიმართ ბოლო 8 წლის მანძილზე პირველი ღია და მწვავე კრიტიკაა. სხვა ოპოზიციონერები მოქმედ მერს ძირითადად იმას უწუნებდნენ, რომ „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელია… ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამაზ გვარჯალაძის წერილი მხოლოდ ზემონახსენებმა ასკურავამ, ექს-გამგებელმა გიორგი გოგუაძემ და კიდევ ერთი გაზიარეს.
„გურია თუდეი“, რა თქმა უნდა, საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის პირველ პირს, სურვილის შემთხვევაში, უპასუხოს ოპოზიციონერის ბრალდებებს.





