„რა დავაშავეთ ასეთი, რომ ამ პატარა ლანჩხუთს ასეთი ადამიანები ტოვებენ“ _ რა გახდა კლინიკის მთავარი ექთნის გარდაცვალების მიზეზი?

|

Loading

ლანჩხუთი კიდევ ერთ კარგ ადამიანს ემშვიდობება. სამედიცინო ცენტრ მედალფას მთავარი ექთანი, ინგა ზენაიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

„წარმოუდგენელია შენზე წარსულში საუბარი… დაუჯერებელი… ჩვენო სიკეთითა და სიყვარულით სავსე გოგო, ჩვენო საუკეთესო ინგულია. შეხვედრამდე, მეგობარო“ _ ამ სიტყვებით ემშვიდობება კოლეგასა და მეგობარს ექიმი-ლაბორანტი, ლანჩხუთის საკრებულსო წევრი ელისო ჭიჭინაძე.

ჰოსპიტალური ქსელი მედალფა სამძიმრის წერილს აქვეყნებს ლანჩხუთის კლინიკის მთავარი ექთნის, ინგა ზენაიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. კოლეგების მეხსიერებაში იგი სამუდამოდ დარჩება, როგორც ღირსეული პროფესიონალი, კეთილშობილი ადამიანი და ერთგული თანამშრომელი“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის მედალფას ფეისბუკის გვერდზე.

ქალბატონ ინგას ემშვიდობება თიკო ხვედელიძე, თანამშრომელი და მეგობარი:

„ჩვენო თბილო ინგული, ვერ ვიჯერებ ამ რეალობას, ვერ ვიჯერებ და გონებამდე ვერ ვუშვებ იმ ფაქტს, რომ შემოვალ ოთახში, სადაც სივრცეს მზის სხივებთან ერთად ათბობდი და ალამაზებდი, შემოვალ და აღარ დამხვდები, შენი მოკრძალებული ღიმილით, მშვიდი ხმით და თბილი სალამით. ყოველთვის სიყვარულით და სინანულით მოგიგონებთ. უფალს ებარებოდეს შენი სული!“

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მძულხარ სიკვდილო! როგორი გამორჩეული ადამიანების მისაკუთრება იცი…
ინგა… თბილო, ტკბილო, ლამაზო…
კარგო დედა, კარგო მეუღლე, კარგო რძალო… კარგო ბებია…
ერთგულო მეგობარო…
პროფესიონალო…
რა დავაშავეთ ასეთი, რომ ამ პატარა ლანჩხუთს ასეთი ადამიანები სამუდამოდ ტოვებენ?
რატომ ინგა, რააატომ???
“

არსებული ინფორმაციით, ინგა ზენაიშვილის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად უეცრად განვითარებული თრომბი სახელდება.

„გურია Today“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

გუშხამდელი