ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში სოფელ არჩეულში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს გზა, მშენებარე სახლი და იქვე გვერდით, გაუქმებული სკოლის შენობა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახლს გაუქმებული საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იშენებს.
„ეს ვიდეო ჩემთვის სრულიად უცხო პირმა ჩამიგდო და როგორც გავარკვიე, იმ ახალი სახლის მშენებლობა, რომელიც ჩანს კადრში, გივი მიქანაძეს წამოუწყია სოფელ არჩეულში. არაფერი ცუდი ამაში არაა, ამ დაცლის პირას მყოფ სოფლებში [თუ ვინმე სახლს გააკეთებს], მაგრამ ერთი საინტერსო რამ ჩანს ამავე კადრში და შესაძლოა, ბატონმა მიქანაძემ არ იცოდეს და არც უთხრეს, რომ ზუსტად მის გვერდით, მეცეცხლურად რომ შენობა დგას, წლების განმავლობაში იქ იყო არჩეულის დაწყებით სკოლა, სადაც ბავშვებს დიდი რუდუნებით და სიყვარულით უძვირფასესი ზოია ტუღუში ასწავლიდა. ეს სკოლა დაახლოებით ოთხი წლის წინ დახურეს და შესაბამისად, ის შენობაც უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩა. განათლების მინისტრი ჰქვია მაინც და ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა“ _ წერს ასკურავა სოციალურ ქსელში.

„ლანჩხუთობა-2025“-ზე, გივი მიქანაძე (მარჯვნიდან მეორე) ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელდა
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი მაღალჩინოსანს იმასაც ახსენებს, რომ ამავე სოფელში არის ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი, რომლის უნიკალური ექსპონატები საგამოფენო დარბაზიდან გახიზნულია, რადგან ის ვერანაირ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა. „ვერ მივაღწიეთ მთელი 14 წლის განმავლობაში, რაც ადგილობრივ საკრებულოში [ოპოზიციაში] ვიყავით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხების გამოყოფას“ _ წერს ასკურავა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის, გურიის ვიცე-გუბერნატორისა და ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის.
კითხვაზე, რატომ მისმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა ნინოშვილის მუზეუმის პრობლემები, პასუხობს, რომ ნაწილობრივი სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს, რადგან „მაშინ დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ და სულ სხვა პრიორიტეტები (შუქი, წყალი, გაზი, გზა) იყო გადასაწყვეტი“.
„როგორც მითხრეს, მიწის ნაკვეთი, რომელზეც გივი მიქანაძეს სახლის მშენებლობა აქვს წამოწყებული, ამ წუთასაც არის სახელმწიფო საკუთრება, სადაც მანამდე ბაგა-ბაღი იყო განთავსეული. საინტერსეო რაა, იცით? მშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვეულებრივმა ლანჩხუთელმა რომ მოინდომოს სახლის აშენება და სახელმწიფო მიწაზე წამოიწყოს, ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს თუ არა ეგრევე და თუ კი, ბატონ მიქანაძეზე თუ გავრცელდა იგივე სანქცია?!“ _ კითხულობს კახა ასკურავა.
ჯერ კიდევ გასულ წელს, როცა გივი მიქანაძეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭეს, ითქვა, რომ მისი წინაპრები არჩეულიდან იყვნენ და განათლების მინისტრი სოფელში პატარა სახლის ჩადგმას აპირებდა.
„გურია თუდეიმ“ საჯარო რეესტრის ბაზაში მოიძია ინფორმაცია, რომ 2024 წლის 4 აგვისტოს, გივი მიქანაძეს სოფელ არჩეულში დაირეგისტრირა 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საფუძველი ნასყიდობის ხელშკრულებაა. მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის წესით მიიღო.
2025 წლის 18 მარტს შევსებულ დეკლარაციაში, მიქანაძეს მითითებული აქვს, რომ არჩეულის ნაკვეთში 8 400 ლარი გადაიხადა, რაც ნიშნავს, რომ 1 კვ.მ. 13,70 ლარი დაუჯდა.

სოფელ არჩეულში, გივი მიქანაძის საკუთრებაში არსებული მიწის 2 ნაკვეთისა და შემდეგ გაერთიანებული ფართის ამონაწერები და საკადასტრო გეგმა
აღნიშნულ აუქციონს წინ უსწრებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა. ანუ ცალკე ნაკვეთებად დარეგისტრირდა 613 კვ.მ., რომელიც, როგორც ვთქვით, გივი მიქანაძის საკუთრება გახდა და 995 კვ.მ., რომელიც 2025 წლის თებერვლის თვეში 3 ნაწილად გაიყო _ 339 კვ.მ., 92 კვ.მ. და 369 კვ.მ. ნაკვეთებად.
გაყოფისას, 613 კვ.მ.-ის მისამართად სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქ.#22-ია მითითებული, ხოლო თავიდან 995 კვ.მ-ზე და შემდეგ სამივე დაყოფილ ფართზე _ სოფელი ნიგვზიანი. ცნობისთვის: არჩეული ნიგვზიანის თემის შემადგენლობაშია.
როგორც ჩანს, მაღალჩინოსნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა 613 კვ.მ., სავარაუდოდ, 995 კვ.მ.-ის სამად გაყოფაც მისი მოთხოვნით მოხდა და მათგან ყველაზე დიდი (369 კვ.მ.) უკვე არა აუქციონის წესით, არამედ მიმართვის საფუძველზე მიიღო და 2025 წლის 21 მაისს დაირეგისტრირა. მისი ფასი უკვე 2026 წლის 16 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 5 ათასი ლარია. გამოდის, რომ 1კვ.მ. ამჯერადაც თითქმის იგივე თანხა, დაახლოებით 13,5 ლარი (წინაზე 20 თეთრით იაფი) დაუჯდა.
აქ საინტერესო ისაა, რომ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 369 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც აუქციონის წესით შეიძინა, მაგრამ უძრავის ქონების ამონაწერში აუქციონი ნახსენები არაა.
შესაძლოა, ეს მექანიკურ შეცდომაა, მაგრამ დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა დარღვევაა. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ შეიძინა 369 კვ.მ.-იც აუქციონის წესით, როცა, წესით, კონკურენტი არ ეყოლებოდა.
2026 წლის 19 მარტს, გივი მიქანაძემ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის (613 კვ.მ. და 369კვ.მ.) გაერთიანება მოახდინა და ჯამში 982 კვ.მ. დაირეგისრტრირა. ამჯერად სრული ფართის მისამართად მინიშნებულია: სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქ.#22.
საზაფხულო დაჩის მშენებლობა იმ 982 კვ.მ.-ზე მიმდინარეობს, რომელიც მაღალჩინოსნის საკუთრებაშია.
ეს ნაკვეთი ყოფილი სკოლის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს და როგორც წყარო გვეუბება, სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეძენილი ფართის ნაწილი მაინც ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაა, რადგან თავის დროზე, დაწყებითი სკოლა და საბავშვო ბაღი გვერდიგვერდ ეზოებში ფუნქციონირებდა.
2018 წლის ამონაწერში, 1608 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლის ნაწილი 982 კვ.მ. ახლა გივი მიქანაძის საკუთრებაშია, დაფიქსირებულია დანგრეული შენობა-ნაგებობა #01.
„გურია თუდეიმ“ გივი მიქანაძეს კითხვები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პიარის საშუალებით გაუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე.
კერძოდ, გვაინტერესებს, მშენებლობა მიმდინარეობს თუ არა საკუთრებაში არსებულ ფართზე, ხომ არ სცდება მას და არის თუ არა ეს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია?
ასევე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდა, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს სიმბოლურ ფასად ხომ არ გადაეცა ზემონახსენები ნაკვეთ(ებ)ი და ამ კითხვაზე პასუხი მაღალჩინოსნის მიერ შევსებული დეკლარაციების საშუალებით გაცემულია _ გივი მიქანაძემ 982 კვ.მ. ნაკვეთში 13 400 ლარი გადაიხადა.
წაიკითხეთ გამოხმაურება: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბოდიშს ითხოვს, მერი ამბობს, რომ „ტყუილი და სისულელეა“ _ იყო თუ არა საბავშვო ბაღი მიწაზე, სადაც გივი მიქანაძე სააგარაკე სახლს იშენებს?





