ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბოდიშს ითხოვს, მერი ამბობს, რომ „ტყუილი და სისულელეა“ _ იყო თუ არა საბავშვო ბაღი მიწაზე, სადაც გივი მიქანაძე სააგარაკე სახლს იშენებს?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ალექსანდრე სარიშვილე, გივი მიქანაძე საპატიო ლანჩხუთელის ჯილდოთი და „გურია თუდეის“ ფეისბუკ-ქარდი

ლანჩხუთის სოფელ არჩეულში მშენებარე სახლთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებზე კომენტარი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გააკეთა.

“ეს გახლავთ მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, იყო ცარიელი ადგილი და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა. ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს და მისი ღირებულება განისაზღვრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულების საფუძველზე“ _ განაცხადა გივი მიქანაძემ, რომელიც გასულ წელს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

მას ადგილობრივი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ედავება, რომ „განათლების მინისტრი საზაფხულო დაჩას ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე აშენებს“.

მისგან და სხვა პირებისგან, ვინც მიქანაძეს ადანაშაულებს, მინისტრი საჯარო ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამართლებრივ დავას აანონსებს.

„სამშენებლო პროექტი მომზადდა ყველა მოქმედი წესის სრული დაცვით და წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დამტკიცდა, დაიწყო ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს სოფელში. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი – ალბათ, ნებისმიერ ქართველ ადამიანს აქვს სურვილი, მშობლიურ მხარეში საგვარეულო სახლი ჰქონდეს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ჩემი ქონების შეძენასთან, ან იქ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით აქვს ინტერესი, შეუძლია გაარკვიოს როგორ წარიმართა პროცესი და რამდენად იყო ის კანონის ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და შეგიძლიათ, გამოითხოვოთ როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ასევე ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან” – ამბობს გივი მიქანაძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრი სახლს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იშენებს, ტყუილი და სისულელეა:

„ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა“ – აცხადებს სარიშვილი.

მისი თქმით, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 90-იანი წლების შემდეგ არა თუ საბავშვო ბაღი, არამედ ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნააგებობა არ იყო განთავსებული.

„რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ამ სოფელში გასულ წელს აშენდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი. მანამდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ახალი ბაღის მშენებლობა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის შეძენის სისწორეს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროცედურებისა და კანონმდებლობის სრული წესების დაცვით განხორციელდა, შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიმართოს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდს ან eAuction.ge-ს, სადაც ნახავს ამ ინფორმაციის. ეს ყველაფერი ემსახურება დეზინფორმაციას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“ – განაცხადა ლანჩხუთის პირველმა პირმა.

„გურია თუდეის“ მიერ ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ 2018 წელს, 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფო საკუთრებაში და მასზე განთავსებული იყო დანგრეული შენობა-ნაგებობა #01.

გივი მიქანაძემ 982 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 13 400 ლარი გადაიხადა

2024 წელს, გივი მიქანაძემ 613 კვ.მ. უპირობო აუქციონის წესით შეიძინა 8400 ლარად.

2025 წელს, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 995 კვ.მ. გაიყო 3 ნაწილად, აქედან ყველაზე მეტი _ 369 კვ.მ. მაღალჩინოსანმა აუქციონის გარეშე, 5 ათას ლარად შეიძინა.

ამის მიუხედავად, განათლების მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში ორივე ნაკვეთის შეძენის საფუძვლად აუქციონი აქვს მითითებული.

2026 წელს, მან ორი ფართი გააერთიანა და 982 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სააგარაკე სახლის მშენებლობა დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს ადგილობრივი ოპოზიციონერი ედავება: გივი მიქანაძე არჩეულის სახლს სახელმწიფო მიწაზე იშენებს თუ უპირობო აუქციონით შეძენილ ნაკვეთზე?