დღეს დილით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზა რამდენიმე საათით დაიკეტა.
არსებული პრობლემის შესახებ გუშინ გვიან ღამით ოპერატიულად დაწერა სოციალურ ქსელში მერის წარმომადგენელმა აცანაში, იზა მათითაიშვილმა: „ლანჩხუთიდან აცანის მიმართულებით, სასირის მეორე მოსახვევთან, გზის მონაკვეთი ჩაშლილია, რაც გადაადგილებას განსაკუთრებით სახიფათოს ხდის. გთხოვთ, მგზავრობისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე. საგზაო სამსახურის მიერ პრობლემის აღმოფხვრამდე, გთხოვთ, იმოძრაოთ განსაკუთრებული ყურადღებით!“
14:00 საათისთვის მაგისტრალზე მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო, მაგრამ მერის წარმომადგენელი ავტოტრანსპორტის მძღოლებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„აცანა-ლანჩხუთის მიმართულებით გზა გახსნილია, თუმცა სავალი ნაწილი შევიწროებულია, გთხოვთ, გადაადგილებისას გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე!“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე იზა მათითაიშვილმა.





