ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა „კვარტალთან“ გამართა და 2:1 მოიგო.
არადა მანამდე ჩემპიონატში სამივე შეხვედრა მოუგო და 17 გოლი გაუტანა. თუმცა თბილისში იოლად არც მაშინ მოუგია (2:0).
სხვათა შორის, გასულ წელს გურულებმა ჩემპიონატში ოთხივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგეს, მაგრამ სათასო ნახევარფინალი დათმეს „კვარტალთან“…
ბოლო სამ დღეში გუნდები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ, გვიმბალაურში ჩემპიონატის შეხვედრა ციცებმა 6:0 მოიგეს.
… ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ 27-ე წუთზე გახსნა, რასაც ექს-გურულმა ანანო წიქარიძემ 2 წუთში გოლით უპასუხა. 1:1 – პირველი ტაიმიც ასე მორჩა.
ლანჩხუთელებს გამარჯვება სოფიკო ნარსიას გოლმა მოუტანა. საბოლოოდ, გიორგი ჩხაიძის გუნდმა 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ნიკე ლუსოა“.
იმის გამო, რომ გურულები მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად არ თამაშობენ, დიდი ალბათობით, შეწყდება ფინალური შეხვედრაც, როგორც ამ გუნდების ბოლო 2 საჩემპიონატო შეხვედრაში მოხდა.
29 სექტემბერს, „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან“ შეხვედრა მე-10 წამზე შეწყვიტა და მოედანზე ბანერი გაშალა წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“. სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გურულებს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალა.
ანალოგიურად, პირველივე წუთზე შეწყდა ამ გუნდების თბილისური დაპირისპირება 11 ნოემბერს _ „ლანჩხუთმა“ ისევ უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე. სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.
„ლანჩხუთმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დარჩენილი თამაშების კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც მინიშნებულია, რომ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ. ასევე კლუბმა განცხადება გააკეთა და მიზეზები განმარტა.
ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ: „არანაირი ჩემპიონატი არ არის ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებაზე მნიშვნელოვანი!“ _ „ლანჩხუთი“ პროტესტს განაგრძობს და განმარტავს, რატომ არ ითამაშებს „ნიკე-ლუსოსთან“
18.11.26 | თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი | კვარტალი 1:2 ლანჩხუთი
0:1 ბუხრიკიძე (27), 1:1 წიქარიძე (29), 2:1 ნარსია (63)
ლანჩხუთი: გაბელაია, ჯოჯუა, რასელი, ჩხარტიშვილი, სიჭინავ (86. გუჯაბიძე), კამარგო, პასიკაშვილი (80. მურილო), დანელია, ნარსია (66. მატვეევა), ბუხრიკიძე, სულაშვილი.





