„გურია“ ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერდა _ საქართველოში წამყვანი საფეხბურთო აკადემიების (თბილისის „დინამო“ და „იბერია 1999“) აღზრდილები დაიმატა. კლუბმა ახალწვეულების ვარჯიშის შესახებ ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს 20 წლის მეკარე დავით იობაშვილი. იგი უკვე ნახსენები „იბერია 1999“-ისა და „დინამოს“ აღზრდილია, თამაშობდა ასევე დედაქალაქურ კლუბ „ვიტ ჯორჯიასა“ და „თელავში“. გასული წლის ბოლოს, მან კონტრაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ რამშისთან“ გააფორმა. „გურიამ“ ის განაცხადში უკვე შეიყვანა.
გეგი გეგუჩაძემ კი უკვე 3 -ჯერ მოირგო ახალი კლუბის მაისურა, მათ შორის თბილისის „დინამოსთან“ მოგებულ სათასო შეხვედრაში. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელის, გია გეგუჩაძის შვილი 22 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. ისიც „იბერია 1999“-ის აღზრილია და ამ კლუბის გარდა „ლოკომოტივსა“ და წყალტუბოს „სამგურალში“ უთამაშია.
მის მხარდამხარ იცავდა იმერული კლუბის ღირსებას მთავარ ლიგაში კიდევ ერთი ახალწვეული ლუკა შეროზია. 21 წლის თავდამხმელი ასევე თამაშობდა „მეშახტესა“ და „სიონში“. „გურიაში“ მეორელიგელი „გორიდან“ გადმოვიდა. ლუკა 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, ის თბილისის „დინამოს“ აღზრდილია.
24 წლის შუახაზელი ოთარ აფციაური კი „სამგურალის“ ღირსებას ამ სეზონში იცავდა და ეროვნულ ლიგაში, I_II წრის 18-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანაც „იბერია-1999“-დან დაიწყო და ახალწვეულებიდან ყველაზე გამოცდილია: მთავარ ლიგაში სამ სეზონში 65 შეხვედრა ჩაატარა, აქედან: 2024 წელს „გაგრაში“ _ 33, ხოლო გასულ სეზონში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში _ 14.
ჯერ კიდევ საზაფხულო შესვენების დაწყებამდე ითქვა, რომ „გურიაში“ 27 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ვალერი ოლხოვი დაბრუნდა, მაგრამ იგი აქამდე კლუბის განაცხადში არ გამოჩენილა.





