2013 წლის 13 მარტს, ლანჩხუთის სტადიონზე, 5 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. არადა, თამაშის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩატარება სათუო იყო…
იქამდე გურულები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ გადაიკვეთნენ და იმერული კლუბის ხელმძღანელობამ ლანჩხუთში თამაშზე უარი თქვა.
ეს ის დროა, სფფ-მ ახალი მინდორი დააგო, ხოლო „ქართუ ჯგუფი“ ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელების მოწყობაზე ჯერაც მუშაობს.
გურულები ამ დროს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ემზადებიან და თასზე ძალების დაკარგვა არც სურთ. ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს _ ორივე თამაში ზესტაფონში ეთამაშათ.
„საშინაო“ მატჩი 0:1 წააგეს და არავინ ელოდა სენსაციას, მაგრამ… „გურიამ“ მეორე შეხვედრა „ზესტაფონს“ 3:2 მოუგო და „სტუმრად“ გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.
როგორც ამბობენ, მაშინ თქვა „დინამოს“ მფლობელმა, რომან ფიფიამ აღმასკომის სხდომაზე _ ლანჩხუთში არც ჩვენ ვითამაშებთო. არგუმენტად უსაფრთხოების ზომების არარსებობაც მიიჩნეოდა: მოედანი ჯერაც არ იყო შემორაგული.
სფფ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ქვეყნის მთავარ გუნდს უარი უთხრა, ასე რეგიონებში ფეხბურთს მოვკლავთო და უსაფრთხოების გარანტია თავის თავზე აიღო. იგი ლანჩხუთში ჩამოვიდა და საორგანიზაციო საკითხებს პირადად ხელმძღვანელობდა.
ფეხბურთელები სათამაშოდ სათადარიგო მოედნის გასახდელიდან გამოვიდნენ. უსაფრთხოებას პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავდა, თუმცა დაძაბული შეხვედრა ყოველგვარი ექსცესის გარეშე ჩატარდა.
0:0 „გურიას“ მცირე შანსს უტოვებდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც „დინამო“ თბილისში 2:0 დაწინაურდა. თუმცა 87-ე წუთზე, გიგა კვერენჩხილაძემ ანგარიში 2:2 გახადა და გურულები შემდეგ ეტაპზე ისევ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გადიოდნენ…
ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე შესვენებაზე გაორმაგებულ პრემიალურ თანხას კიდევ აორმაგებს _ გუნდი მეორე ლიგისთვის არნახულ ჯილდოს მიიღებს…
ის იყო, მსაჯს საფინალო უნდა ჩაესტვინა, რომ თბილისელებმა ბურთი „გურიას“ კარისკენ გაგზავნეს, მეკარე გიორგი ძაძამიას, რომელმაც ორივე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, ხელს არაფერი უშლიდა, საფინალო სასტვენს ბურთით შეხვედროდა, მაგრამ მოულოდნელად, ხელში ვერ შეიმაგრა და კარში აღმოჩდა.
2:3 უკვე „დინამოს“ აწყობდა…





