დღეს, ლანჩხუთში დიდი ფეხბურთი ბრუნდება _ „გურია“ თბილისის „დინამოს“ სათასო მეთექვსმეტედფინალში დაუხვდება.
ეს იგივე 90-იანი წლების დასაწყისის „ქართული კლასიკოს“ დაბრუნებაა. საწყის ორ ჩემპიონატში სწორედ ეს ორი გუნდი არკვევდა ქვეყნის ჩემპიონის ბედს. ორივეჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს და გურულებს მხოლოდ ვიცე-ჩემპიონის ტიტულ(ებ)ი შეხვდათ.
თუმცა „გურია“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. ლანჩხუთის კლუბმა სოხუმის „ცხუმთან“ ფინალამდე ქართული ფეხბურთის ორივე ფლაგმანი ჩამოიშორა გზიდან _ ქუთაისის „ტორპედო“ (5:1, 0:1) და თბილისი „იბერია“ [მაშინ ასე ერქვა „დინამოს“] (1:0, 2:0).
„გურია“-„იბერიას“ პირველი „ქართული“ შეხვედრა პირველი ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრაში შედგა და თემურ ქეცბაიას გოლს, ბოლო წუთზე, გოჩა ტყებუჩავამ უპასუხა (1:1).

„გურია თუდეის“ დღევანდელი ნომრის პირველი გვერდი
ამ გუნდების ლანჩხუთური შეხვედრა სათასო ნახევარფინალებს შორის დაემთხვა და თბილისელებმა 1:0 მოიგეს, მაშინაც თემურ ქეცბაიამ გაიტანა, რითაც მისმა გუნდმა ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გაინაღდა.
დღეს, ტყებუჩავა და ქეცბაია უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სხვათა შორის, 1990 წელს, „გურიაში“ თამაშობდა კლუბის დღევანდელი კიდევ 2 მწვრთნელი _ თემურ ლორია და გია ჩხაიძე, ხოლო გიგლა იმნაძე სეზონის სტარტზე მურთაზ ხუცილავას თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ _ მთავარი მწვრთნელი.
მისმა დამოძღვრილმა გუნდმა მოიგო „იბერიასთან“ ორივე თამაში და ფინალი…
დღეს, „გურია“-„დინამოს“ მეხუთე სათასო დაპირისპირებაა. დიდი ალბათობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი თორნიკე კვარაცხელია, რაც გურული ქომაგის ინტერესს ზრდის, რომელიც ისედაც დიდია.
„ევგრაფი შევარდნაძეზე“ ელოდებიან ძმებ არველაძეებს, რომლებიც მერაბ ჟორდანიას ოჯახთან მეგობრობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლანჩხუთში უნდა ჩამოვიდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც პირველ სათასო დაპირისპირებაში „დინამოს“ ღირსებაც იცავდა.

დავით მაისაშვილი (#8) და მეკარე გიორგი ლორია, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაშიც ითამაშებენ | ფოტო www.dinamo.ge, 10.04.2013, დინამო 3:2 გურია
მას შემდეგ თასზე კიდევ 3-ჯერ გადაეყარნენ გურულები ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და ყველა შემთხვევაში, გამარჯვებული „დინამო“ გამოვიდა. თანაც ორ შემთხვევაში სამივე თამაში დედაქალაქელებმა დიდი ანგარიშით და „მშრალად“ (3:0, 6:0 _ 2000 წ. 5:0 _ 2018 წ.) მოიგეს.
კიდევ ერთი დაპირისპირება ძალიან დრამატული გამოდგა: ლანჩხუთში 0:0-ის შემდეგ, გურულებმა თბილისში 0:2-დან გაყაიმება მოახერხეს, მაგრამ საფინალო სასტვენის წინ, მეკარის მიუტევებელმა შეცდომამ შემდეგ ეტაპზე „დინამო“ გაიყვანა. იმ თამაშების თითო მონაწილე ორივე გუნდს ჰყავს: „გურიას“ _ დავით მაისაშვილი, „დინამოს“ _ გიორგი ლორია.
ამ უკანასკნელის მოგვარე იყო მაშინ გურულთა თავკაცი: თემურ ლორია თანაშემწეებთან _ გიგლა იმნაძესა და გია ჩხაიძესთან ერთად დღესაც გუნდშია და როგორც ვთქვით, სამივე გოჩა ტყებუჩავას ეხმარება.
…და მაინც, როგორც „გურიას“ ლეგენდარულმა დირექტორმა, იმედო დუნდუამ, სფფ-ის ერთ-ერთ ყრილობაზე, როცა თასის მფლობელებზე საუბრობდნენ, დარბაზიდან ისროლა რეპლიკა: პირველად იყო „გურია“!





