ციცები ვიცით სა(მზ)…ჯარიმოში: კუჩხი ბედინერი, უძღები შვილები და  გაბრიელას მორიგი გაბრიალება

|

Loading

ზეიმის ფოტო გასახდელიდან | ლანჩხუთი 2:1 ნიკე-ლუსო

„ლანჩხუთი ხასანბეგურას სამშობლოა – გამარჯვება პრინციპულ მატჩში!“ _ ასეთი წარწერა გაუკეთა კლუბის ფეისბუქ-გვერდმა ფოტოს გასახდელიდან.

ციცებმა მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს მთავარ კონკურენტთან შეხვედრაში და საჩემპიონო მარათონში დაბრუნდნენ.

… მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა ლიზი მწყერაშვილი ზედიზედ მეორედ გაემართს კუთხურის მოსაწოდებლად და მეტოქის საჯარიმოში არეულობის შესაქმნელად, რაც ბოლო შეხვედრებში ჩინებულად გამოსდის.

პირველ შემთხვევაში, შეტევაში წასული ნინი ჩხარტიშვილის დარტყმის შემდეგ სტუმრები თათია გაბუნიამ გადაარჩინა…

გურულების ყოფილმა მეკარემ თავისიანები წაგებისგან მაინც ვერ იხსნა _ კუთხურს თავი საგოლედ გაბრიელა კამარგომ დაუხვედრა და… 2:1.

„ლანჩხუთის“ კოლუმბიელი შემტევი ბომბარდირთა დავაში  დაწინაურდა (15 გოლით) და ქალთა ლიგაში ორხელისუფლიანობაც შექმნა _ პირველად მოხდა, როცა გიორგი ჩხაიძის გუნდი ქულებით დაეწია „ნიკე-ლუსოს“, რომელმაც გვიმბალაურში სეზონის არათუ პირველი მარცხი იწვნია, ქულებიც პირველად დაკარგა.

ქალთა ლიგაში ორხელისუფლიანობაა

… დღევანდელ შეხვედრას უნდა გაერკვია, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს შესწევს თუ არა უნარი, ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

გურულების ზედიზედ 8 გამარჯვება, თანაც ყველა დიდი ანგარიშით, მათ ნაადრევად ჩამოწერას გამორიცხავდა, მაგრამ თუ „ნიკე-ლუსო“ გვიმბალაურშიც მოიგებდა, „ლანჩხუთი“ საჩემპიონო ამბიციას მინიმუმ გაისამდე გადადებდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ბოლო წამებამდე საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

საწყის წუთებში, ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

მერე კი საქმეში… ძაღლი „ჩაერთო“. ბედნიერი ფეხი აღმოაჩნდა მოედანზე გამოჩენილ მურადას _ რამდენიმე წუთში, არასპორტული საქციელისთვის, „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშე გაუძევეს, მალევე კი, გურულებმა გოლიც გაიტანეს.

თითქმის უიმედო სიტუაციაში ბოლომდე იბრძოლა ექს-ლუსოელმა ნათია დანელიამ, როცა ექს-გურულების _ თათია გაბუნიასა და გვანცა ქადაგიშვილის შეუთანხმებლობით ისარგებლა, მისი დარტყმის შემდეგ, კიდევ ერთმა ექს-გურულმა, სალომე გასვიანმა ბურთი ცარიელი კარიდან კი გამოიტანა, მაგრამ სტუმართა კაპიტანმა თავის შარშანდელ თანაგუნდელთან, ნინო ბუხრიკიძესთან ვერაფერი გააწყო, 1:0.

დიდხანს არ გაგრძელებულა მასპინძელთა სიხარული: ზუსტად 6 წუთში უკვე ირინა ხაბურზანიამ გამოიჩინა თავი. მან გამზრდელი გუნდის კარში გოლი არ აღნიშნა.

გუნდები შესვენებაზე 1:1-ით გავიდნენ.

მეორეში ბუხრიკიძეს ყოფილი გუნდის კარში დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ გაბუნიამ არ დაანება.

დიდი ალბათობით, „ნიკე-ლუსო“ ფრეზეც ყაბულს იყო და გამწვავებაზე არ მიდიოდა, გურულებს კი მოკლე სკამი შეტევის გაძლიერების საშუალებას არ აძლევდა _ ფაქტობრივად, თადარიგში შემტევი არც ჰყავდათ.

ამიტომაც იყო, გუნდმა მატჩი შეცვლის გარეშე ჩაატარა და სასტარტო 11-ეულით ეცადა ლიგაში ორხელისუფლიანობის დაბრუნებას.

მოახერხა კიდეც ბოლო წამებზე…

იღბალიც ხომ ძლიერების მხარესაა!

12.05.2026 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | ლანჩხუთი 2:1 ნიკე ლუსო

1:0 ბუხრიკიძე (28), 1:1 ხაბურზანია (34), 2:1 კამარგო (90+5)

ლანჩხუთი: გაბელაია, ნარსია, რასელი, ჩხარტიშვილი, სიჭინავა, დანელია, პასიკაშვილი,  მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, სულაშვილი, კამარგო.