„ჯურუყვეთში ორივე საბავშვო ბაღის შენობა დაანგრიეს, როცა ერთი 2016 წელს აშენდა, მეორეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა… ასევე დაინგრა ჩიბათისა და შრომისუბანში, ნინოშვილში კი მეწყრულ ზონაში აიგო“ _ გოჩა ჯანაშია

|

Loading

ჯურუყვეთის საბავშვო ბაღის შენობა უკვე დაანგრიეს, იგივე მოხდება წყალწმინდაშიც?

ლანჩხუთში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემაა. ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეც ადასტურებს: „არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება _ ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“.

ცოტა ხნის წინ, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ დაწერა სოციალურ ქსელში.

[წაიკითხეთ: „გურიაში კორუფცია ახლა არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო“ _ კახა ასკურავას თქმით, 2016 წელს აშენებული საბავშვო ბაღი თავიდან ააშენეს, წინა წელს გარემონტებული _ დაანგრიეს… რას ამბობენ ლანჩხუთის მერიაში?]

ამავე საკითხზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია საუბრობს:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების საკითხი წლებია, წარმატებულად ითვლება, მაგრამ ბოლო ხანს ინფრასტრუქტურული კუთხით ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ათამდე ახალი ბაღის შენობა გაიხსნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, მაგრამ სხვადასხვა პრობლემათა გამო, ამ შენობების ნაწილი უკვე არ ფუნქციონირებს. ავიღოთ ჯურუყვეთის თემი, სადაც ამ ეტაპზე ორივე ბაღის შენობა დანგრეულია, ახლის მშენებლობა კი არ დაწყებულა.

საქმე იმაშია, რომ ორივე ბაღის ასაშენებლად არაკეთილსინდისიერმა მშენებლებმა არაფერი გააკეთეს და დღესდღეობით სასამართლო დავა მიმდინარეობს საქმის გასარკვევად, არადა, ჯურუყვეთის ბაღი 2016 წელს აშენდა, ხოლო ეწრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა, რატომ დაანგრიეს და სად წავიდა ამ მუნიციპალური შენობის ნანგრევები, გაურკვეველია. პრობლემების გამო დაინგრა ასევე ჩიბათისა და შრომისუბნის ბაღების შენობებიც, თუმცა, დღემდე არც აქ ჩანს სიახლე. ამავდროულად, ახალაშენებული შენობებიდან დაგვიანდა ნინოშვილის, გულიანის, ღრმაღელისა და ნიგვზიანის საბავშვო ბაღების გახსნა და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ბოლო ორი შენობა. რაც შეეხება ნინოშვილს, აქ სასწავლო პროცესი კვლავაც შეფერხებულია და როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, უსაფრთხოების საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობსო. საგულისხმოა ის, რომ ეს შენობა მეწყრულ ზონაში აიგო და ღმერთმა უწყის, შენობის წინ მიმდინარე მეწყრული პროცესი ხვალ რა შედეგს მოიტანს.

ჯურუყვეთისა და წყალწმინდის თითქმის იდენტური ვიზუალის მქონე საბავშვო ბაღების გახსნა 2016 წელს | ფოტო: ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური

ამასობაში პრობლემები შეექმნა 2016 წელს აშენებულ კიდევ ერთ შენობას, სადაც ლესის საბავშვო ბაღია განთავსებული. აქაც დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი და რას იტყვის ექსპერტიზა, ამაზეა დამოკიდებული ეს შენობა დაინგრევა თუ რეაბილიტაცია მოხდება“ _ ამბობს გოჩა ჯანაშია.

საბავშვო ბაღების თემაზე ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს ბოლო სხდომაზე გააკეთა განმარტება და აღიარა, რომ ამ კუთხით, ბოლო პერიოდში, მართლაც  რთული სიტუაციაა. მისი ინფორმაციით, ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან  დაკავშირებით დავა მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან. მერის თქმით, გულიანისა და ნინოშვილის ახალაშენებულ საბავშვო ბაღებში 112-ის სამსახურის სტანდარტების შესაბამისად, დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი:

„ვფიქრობთ, რომ ნინოშვილის საბავშვო ბაღს თებერვლის შუა რიცხვებისთვის გავხსნით, ხოლო გულიანში არ არის დასრულებული ლიფტის დამონტაჟება და უკანა ტერიტორიაზე მიწის  გარკვეული გამაგრებითი სამუშაოებია შესასრულებელი. მოკლედ,ნინოშვილი და გულიანი არ არის პრობლემური, პრობლემად რჩება ოთხი ბაღის: ჩიბათის, შრომისუბნის, ეწერისა და ჯურუყვეთის საკითხი. თუმცა, ხორციელდება ამ ბარების  აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ტრანსპორტირება მიმდებარე საბავშვო ბაღებში.  პრობლემის აღმოსაფხვრელად მიდის მუშაობა და აუცილებლად ყველაფერი დალაგდება“, _ განაცხადა მერმა.

ლანჩხუთში კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა მუნიციპალური განვითარების ფონდმა _ უწყების ცნობით, ახალი საბავშვო ბაღების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა. ირკვევა, რომ ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება ქალაქში, რომელიც არანაკლებ 125 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, ხოლო სოფელ წყალწმინდაში  100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი უნდა გაკეთდეს. არადა, წყალწმინდაში მოქმედი საბავშვო ბაღის გახსნიდან 10 წელიც არ არის გასული…

ცნობისთვის: საბავშვო ბაღი ჯურუყვეთში 2016 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და ღირებულება 258 520 ლარი იყო, ხოლო წყალწმინდაში _ ერთი თვის შემდეგ, 17 ოქტომბერს და ის სახელმწიფოს 236 800 ლარი დაუჯდა. ორივე ბაღი „საბა ჯგუფმა“ ააშენა. თუ წყალწმინდაში ახალი ბაღის პროექტი ძველის დანგრევას „ითვალისწინებს“, გამოდის, რომ 10 წლის წინ დახაჯული თითქმის ნახევარი მილიონი ლარიდან მხოლოდ ორი ისეთი „დიდი ორმო“ დაგვრჩება, რაც მთავარი ფოტოს შუაშია.

რას ჩივი?