„ის შვილიშვილს ახლდა… სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა, სავარაუდოდ, გულმა ვერ გაუძლო“ _ გურიაში სამართალდამცველი ე.წ. „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობდა?

|

Loading

ოზურგეთის პოლიციის შენობა

გურიაში ადამიანთა ჯგუფებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ინფორმაცია ექსკლუზიურად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ყოველივეს წინ, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟთან ე.წ. „ქურდული გარჩევა“ უძღვოდა, რომელშიც პოლიციის წარმომადგენელიც (!) მონაწილეობდა. ეს დეტალები შსს-მ უარყო, თუმცა კონფლიქტი დაადასტურა.

აი, რას მოუყვა ambebi.ge-ს ადგილობრივი:

„როგორც მე ვიცი, ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა. აწ გარდაცვლილ ბ. შ.-ძეს ოზურგეთში მარკეტი ჰქონდა. მის შვილიშვილს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოუხდა თანატოლებთან. რამდენიმე დღის შემდეგ, ბიჭები საქმის გასარჩევად მდ. ბჟუჟის პირას, ოზურგეთის განაპირა მხარეს შეხვდნენ. ბ. შ.-ძე შვილიშვილს ახლდა, მეორე მხარეს კი წარმოადგენდა, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების – ან შსს-ს, ანაც სუს-ის თანამშრომელი. როგორც ამბობენ, შ.-ძეს აიძულებდნენ, პოლონეთში მცხოვრები ოზურგეთელი კანონიერი ქურდისთვის დაერეკა. რადგან ბ.-მა ეს არ მოისურვა, ამიტომ მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და მერე ჰაერში გაისროლეს. ბ.-ს სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა და კონფლიქტის შედეგად, სავარაუდოდ, გულმა ვერ გაუძლო, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ჩემი ინფორმაციით, დამნაშავე – დიდი ალბათობით, ეს თანამშრომელი დაკავებულია” _ ადგილობრივის პოზიციას გამოცემა ანონიმურად ავრცელებს.

შსს-მ მომხდარზე განცხადება გაავრცელა: ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა – მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები.

ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში_ აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.