22 წლის ასაკში დაინიშნა „გურიას“ მთავარ მწვრთნელად და გუნდში ზედიზედ 22 წელი იმუშავა… რითი გადაიბირა ევგრაფ შევარდნაძემ და როგორ „იტაცებდა“ ფეხბურთელებს შალვა კაკაბაძე?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შალვა კაკაბაძე მწვრნელობის დროს და საპატიო სტუმრის რანგში „ევგრაფ შევარდნაძეზე“

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი შალვა კაკაბაძე 1936 წლის 17 დეკემბერს ხონში დაიბადა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო სახელგანთქმულ 35-ე საფეხბურთის სკოლაში. 1953 წელს ამ სკოლის გუნდმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა: შალვა კაკაბაძე გუნდის კაპიტანი იყო, მის გვერდით კი თამაშობდნენ მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, თენგიზ მელაშვილი და სხვები.

1957 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნეში“ ჩაირიცხა და იოლად დამკვიდრდა ძირითად შემადგებლობაში. დიდი სურვილი ჰქონდა უმაღლესში განეგრძო სწავლა. მოეწყო კიდეც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და ამავე სასწავლებლის გუნდის მწვრთნელობა შესთავაზეს. ეს ამბავი გურული გუნდის ყველა დროის ყველაზე დიდმა პატრონმა, ევგრაფ შევარდნაძემ რომ გაიგო, სასწრაფოდ ჩავიდა თბილისში, შალვა უკან დააბრუნა და 22 წლის ასაკში, ლანჩხუთის „კოლმეურნეს“ მოთამაშე-მწვრთნელად დანიშნა!

ისტორიული ფოტო ყაზანიდან: „გურიამ“ სსრკ-ის პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოპიპოვა, შუაში _ შალვა კაკაბაძე | ყაზანი, 28.10.1979 წ.

ახალბედა მწვრთნელი დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს. პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ქუთაისის „დინამოდან“ მოიწვია, უფრო სწორად „მოიტაცა“ დანტეს ჯეჯელავა [შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი და არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელის აღმზრდელი]. ბავშვობაში  ისინი პლეხანოვზე  ცხოვრობდნენ და 35-ე საფეხბურთო სკოლაში ერთად სწავლობდნენ. თანაკლასელს ბაზაზე ჩააკითხა და ვარჯიშის შემდეგ სთხოვა ცოტა მანქანით გავისეირნოთო. ლაპარაკში ნელ-ნელა ლანჩხუთში ჩამოიყვანა და მერე გაუმხილა – დროებით  დამეხმარეო. სიყრმის მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა და „დროებით“ ჩამოსული ლანჩხუთში მუდმივად დარჩა…

ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მწვრთნელს სელექციონერის შეუმცდარი ინტუიცია ჰქონდა, რომ  იტყვიან, კოჭებში ატყობდა ფხბურთელს. ვისაც თვალს დაადგამდა, უთუოდ ლანჩხუთში ჩამოჰყავდა _ ამაში მას ზურგს ევგრაფ შევარდნაძე უმაგრებდა.

მისი ხელმძღვანელობით „გურია“  სამ-სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და  თასის მფლობელი, შვიდჯერ – შოთა შავგულიძის სახელობის თასს დაეუფლა, ერთხელ კი ამიერკავკასიის „ბ“ კლასის გუნდებს შორისაც გახდა ჩემპიონი _ ამ მიღწევისთვის 18 ფეხბურთელს სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.

მიუხედავად შთამბეჭდავი წარმატებებისა, შალვა კაკაბაძე მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა, სულ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას ისახავდა მიზნად. ეს მაშინ, როცა ლანჩხუთის არსებობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოტა ვინმემ თუ იცოდა. დაუვიწყარია 1979 წლის მიღწევაც: საბჭოთა კავშირის II ლიგაში „გურია“ ზონის გამარჯვებული გახდა და პირველ ლიგაში გადავიდა!

„გურიას“ მწვრთნელად შეუცვლელად იმუშავა 22, საერთო ჯამში კი 24 წელი (პლუს 1 სეზონი გუნდის ფეხბურთელი გახლდათ) და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კიდეც „გურიას“ დიდი წარმატებები.

მოგვიანებით, კლუბის ლეგენდარული მწვრთნელი ხშირად დაიწუწუნებდა _ 25 წელი ლანჩხუთის სასტუმროს 25-ე ნომერში ვიცხოვრე და მაინც გამიშვესო… მუდამ მორიდებულმა გია თავაძემ ერთხელ უპასუხა თურმე _ მერე გადასულიყავი შენც 28-ე ნომერში და სამი წელი კიდევ იმუშავებდიო…

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ევგრაფ შევარდნაძემ, სოსო (ბუტა) ჟორდანიამ, იმედო დუნდუამ და შალვა კაკაბაძემ ჩაიფიქრეს იმ დროისთვის ავანტიურისტული გეგმა _ „სოფლის გუნდი“ მსოფლიოს გაეცნო, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1986 წელს, როცა „გურია“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ამ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი შალვა კაკაბაძის ყოფილი თანაშეწმე ბეგი სიხარულიძე გახლდათ _ „გურიას“ კიდევ ერთი ლეგენდა, როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგში.

შალვა კაკაბაძის ხელმძღვანელობით, ლანჩხუთელთა გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა: ზორბეგ ებრალიძე, ლევან ჟორდანია, რამაზ ურუშაძე, ბესო მჭედლიშვილი, გია თავაძე, ოთარ კორღალიძე, თემურ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, მერაბ მეგრელაძე და სხვები.

ბოლო წლებში თბილისის „ლოკომოტივსა“ და „გაგრაში“ მუშაობდა. 1966 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭეს. მაშინ ის 30 წლისაც არ გახლდათ! მიღებული აქვს დიპლომები და სხვადასხვა ჯილდოები, 1998 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი 2015 წლის 25 აპრილს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ: „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ევგრაფ შევარდნაძე“ _ 25 წელი 25-ე ნომერში, ლანჩხუთში არავინ შეგიშვებს, ხონში მოგიწევს გაპარვაო და… რას შობი, შალიკია, მღუპავ?

რას ჩივი?