„გამარჯობა, ამ წერილს სუფსიდან გწერთ. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებთ ჩვენს პრობლემას, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს ჩვენთვის, რადგანაც ამ პრობლემას ვებრძვით წლეებია… სხვადასხვა მთავრობის და დეპუტატების დროს… შედეგი? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ _ გვწერს მარიკა გურგენაძე, სოფელ სუფსის მაცხოვრებელი, რომელიც ფიქრობს, რომ გაზეთში გამოქვეყნებამ იქნებ რამე შედეგი გამოიღოს…

„წყალში ვიხრჩობით, ყველა გაწვიმების დროს…“ | სუფსა, ტაბანათი, 2025 წლის ოქტომბერი
„წყალში ვიხრჩობით, ყველა გაწვიმების დროს… რა გახდა არხების გაწმენდა? ზამთარი მოვიდა, ნალექი მოემატება… ჭაობმა და ეროზიამ წალეკა ეზობი… ეს ლოკაცია არის ტაბანათი, ყოფილი საბავშვო ბაღი სადაც იყო (ნაქირავები)… და არა მარტო ჩვენთან…“ _ გვწერს შეწუხებული მოქალაქე და კითხვებს სვამს: „ასეთი ძნელია ტრაქტორით სანიაღვრე არხების გასუფთავება? როდის? როდის, მოგვხედავენ?“
ჩვენთან საუბარში ქალბატონი მარიკა აღნიშნავს, რომ ის მთავარი არხი, სადაც წყალი უნდა ჩავიდეს, ბოლოს 30 წლის წინ გაიწმინდა: „სავალალო მდგომარეობაა, ეზოები დაგვიჭაობდა. კვალი ვერ გაგვიყვანია, წყლით ივსება. ადრე კიბის მესამე საფეხბურით შევდიოდით სახლში, ახლა კი, პირველი საფეხურით შევდივათ, იმდენი ვამატეთ, ვამატეთ, მაგრამ ვერ ვშველით. კი, ბატონო ჩემს ჭიშკართან მე მივხედავ, მაგრამ სად წავიდეს წყალი? ეზოში შემოგვდის ყოველი გაწვიმებისას, წასასვლელი როცა არ აქვს, აბა, რას იზამს? ერთი მაგარი გაწვიმება და ეზოები სავსეა წყლით. წვიმის გარეშეც დაჭაობებულია ტერიტორია, წყალს გასასვლელი არ აქვს. სამ წელიწადში ერთი გაწმენდა რას შველის, მით უმეტეს, წყალს გასასვლელი არ აქვს. ზამთარი მოდის, ზაფხულის საქმე დროულად უნდა გაკეთდეს, არხები გაიწმინდოს. ამას ვიხვეწებით რამდენი ხანია. მარტო ჩვენთან კი არაა ასე, ირგვლივ ყველგან ასეა! სუფსას მიხედვა უნდა, ხომ უნდა დაგვადგეს საშველი?“ _ ამბობს მარიკა გურგენაძე.
„გურია თუდეი“ კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა. „სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სანიაღვრე არხების მოწესრიგებაა. ამ მიზნით ტაბანათის რამდენიმე უბანში მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. ადმინისტრაციული ერთეული გარკვეული გამოწვევის წინაშე ისევ დგას, ამიტომ გაგრძელდება ამ კუთხით მუშაობა“ _ გვითხრეს მერიაში.




