„ყველაფერს გავიღებდი, ჩემს ტელეფონზე ზარისთვის “დედა” _ ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმის წარმატებული შვილი: „და იმ წყეულ დღეებში, ყველაზე მეტად არ მინდოდა ექიმობა…“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ანა ხოფერია და ქეთევან კალანდარიშვილი

კიდევ ერთ წარმატებულ ლანჩხუთელს გაგაცნობთ – ანა ხოფერიას, ახალგაზრდა ექიმს, რომელმაც პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და მუდმივი განვითარების სურვილით უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ მედიცინაში.

ანა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც გინეკოლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა გაიარა.

დღეს იგი კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი-გინეკოლოგი და კოლპოსკოპისტია.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ანა სამეცნიერო მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს – იგი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტია, ხოლო მომავალ ექიმებს ცოდნას საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით უზიარებს.

ანა იმ ოჯახში გაიზარდა, სადაც ადამიანების სამსახური და პროფესიის სიყვარული ცხოვრების წესად იქცა.

მისი დედა, ქეთინო კალანდარიშვილი, ლანჩხუთში გამორჩეული პედიატრი გახლდათ და, წლებია, აქაურების დიდი ტკივილია – პროფესიონალი, კეთილი და ყველასთვის ძვირფასი ექიმი, რომლის გარდაცვალებამ COVID-19-ის პერიოდში მთელი ლანჩხუთი დაამწუხრა.

მამის, სერგო ხოფერიას, მრავალწლიანი საქმიანობაც განათლების სფეროს უკავშირდება – იგი ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში სამეურნეო მიმართულებას ხელმძღვანელობს და კოლეგების პატივისცემით სარგებლობს.

„ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონა, ჩემი ფავორიტი ექიმი, უსაყვარლესი, უგენიალურესი დედაჩემი“ _ წერს ანა ერთ-ერთ ძველ პოსტში. და იქვე: „და იმ წყეულ დღეებში, ყველაზე მეტად არ მინდოდა ექიმობა. მინდოდა ვერ მიმხვდარიყავი, რომ თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ახლა კი, ყველაფერს გავიღებდი ჩემს ტელეფონზე ზარისთვის _ mom”.

ანა ხოფერია ღირსეულად აგრძელებს იმ ფასეულობებს, რომლებიც ოჯახში მიიღო – ადამიანებისადმი პასუხისმგებლობას, შრომის სიყვარულსა და პროფესიის ერთგულებას.

წარმატებული ახალგაზრდა იმ ადამიანების რიგშია, რომელიც არც მშობლიურ მუნიციპალიტეტს ივიწყებს. ისეთი მშობლების შვილია, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. მან უკვე ჩაუტარა კონსულტაციები თანაქალაქელებს ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში.

ვუსურვებთ ანას ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას, ახალ სამეცნიერო და პრაქტიკულ მიღწევებს. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საუკეთესო წლები და ყველაზე დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.