ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადა ჩატარდება: II-VI კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარი დღეები ელოდებათ! [ინტერვიუ თიკა ალიმბარაშვილთან]

|

Loading

თიკა ალიმბარაშვილი

ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადა ნოემბერში დაიწყება, ხოლო განცხადებებს 1-ლი სექტემბრიდან მიიღებენ. მასში მონაწილეობა მე-2-6 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ და  მონაწილეობის ღირებულება მხოლოდ 35 ლარია. წარმატებულები სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრებსაც მიიღებენ.

ჩვენი გვესაუბრება თიკა ალიმბარაშვილი _ ლოგიკური აზროვნების კურსის დამაარსებელი. იგი მათემატიკის პედაგოგი და ტრენერთა ტრენერია, რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.

_ ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ახალი სეზონი უკვე იღებს სტარტს. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

_ მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა. სწორედ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემი პროფესია პედაგოგობა ყოფილიყო. წლების განმავლობაში ვასწავლიდი მოსწავლეებს, მოგვიანებით კი ტრენერთა ტრენერი გავხდი და დღესაც აქტიურად ვეხმარები მოქმედ თუ მომავალ პედაგოგებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებაში.

ჩემი მიზანი თავიდანვე იყო შემექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული – სივრცე, სადაც ბავშვები მხოლოდ მზა პასუხებს არ მიიღებდნენ. მინდოდა, მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა ემსჯელათ, ეფიქრათ, ეაზროვნათ და საკუთარი ძალებით მისულიყვნენ სწორ პასუხამდე. სწორედ ამ იდეაზე დაფუძნდა ლოგიკური აზროვნების კურსი, რომელმაც უკვე ასობით ბავშვის ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა.

_ გურიაში უკვე მესამე სეზონი ტარდება…

_ დიახ, მესამე სეზონი ტარდება უკვე გურიაშიც. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლას, სადაც ჩატარდება ოლიმპიადა. ბავშვების გახარებაში ჩართულები არიან ადგილობრივი ფეისბუქ-გვერდები, სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მონაწილეებს გადასცემენ დამატებით საჩუქრებს. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო სოფო წილოსანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული, ლანჩხუთშიც ჩატარებულიყო ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკის ოლიმპიადა. ასევე დიდი მადლობა ლანჩხუთის საკრებულოს და მერიას მხარდაჭერისთვის.

თიკა ალიმბარაშვილის „50 ხრიკი ხრიკების დედოფლისაგან“

ოლიმპიადა ჩატარდება ნოემბრის შუა რიცხვებში, რეგისტრაცია კი დაიწყება პირველი სექტემბრიდან. ოლიმპიადის ღირებულებაა 35 ლარი. მონაწილების შესაძლებლობა ექნება ყველას, მე-2-6 კლასის მოსწავლეებს ვინც შეძლებს ლანჩხუთში დასწრებას.  ოლიმპიადის შემდეგ ჩატარდება გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა მონაწილეს სერტიფიკატთან ერთად დამატებითი საჩუქრები გადაეცემა.

_ ეს მოტივაციასაც გაზრდის…

_ ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს შევუქმნა მეგობრული, პოზიტიური და მოტივაციის მომცემი გარემო. ამიტომ კურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც თითოეული მონაწილე საჯაროდ იღებს სერტიფიკატს, სამახსოვრო საჩუქრებს, მედლებსა და  ჯილდოებს. ასეთი აღიარება ბავშვებს დამატებით სტიმულს აძლევს, მეტი ინტერესით შეისწავლონ მათემატიკა, განივითარონ აზროვნება და მიაღწიონ წარმატებას.

_ თქვენ რამდენიმე წიგნის ავტორი ხართ. ალბათ, სწავლების პროცესში გაჩნდა ამის საჭიროება…

_ დიახ, მუშაობის პროცესში ხშირად ვხედავდი, რომ საჭირო იყო ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც სასკოლო პროგრამას შეავსებდა და მოსწავლეებს მათემატიკისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაუღვივებდა. სწორედ ასე დაიწყო ჩემი, როგორც წიგნების ავტორის გზა. პირველი წიგნის გამოცემას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მალევე შეიქმნა ახალი სასწავლო ჯგუფები და გაჩნდა ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადის ჩატარების იდეაც.

წელს კიდევ ორი ახალი წიგნი გამოვეცი, რომლებიც როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს მათემატიკის უკეთ შესწავლაში ეხმარება. მათ შორის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს „50 ხრიკი ხრიკების დედოფლისგან“ – კრებული, რომელშიც თავმოყრილია ისეთი მათემატიკური მეთოდები და ხერხები, რომლებიც არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის მოცემული და ბევრმა პედაგოგმაც კი არ იცის.

„ხრიკების დედოფალი“ რამდენიმე წლის წინ ჩემმა მოსწავლე-მასწავლებელმა შემარქვა და მას შემდეგ ჩემს მეორე სახელად იქცა. რატომ შემარქვეს ხრიკების დედოფალი? ეს მაშინ დამკვიდრდა, როდესაც სხვადასხვა რთული ამოცანის ამოხსნის მარტივ და ეფექტურ გზებს ვუზიარებდი მათ. სწორედ ამ მიდგომით ვცდილობ, მათემატიკა შევაყვარო არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ ბავშვებსაც და დავანახო, რომ ეს საგანი შეიძლება იყოს საინტერესო, სახალისო, მარტივი, და შემოქმედებითი.

_ ხშირად არის კითხვა: რა საჭიროა ხრიკები, როცა ბავშვმა მასალა გააზრებულად უნდა იცოდეს?

_ ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, გააზრებული სწავლება უმნიშვნელოვანესია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი თაობა ყოველდღიურად ურთიერთობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯობს ბავშვებმა მარტივი და ეფექტური გზები სწორად ისწავლონ პედაგოგებისგან, ვიდრე მათი გამოყენება გაუგებრად და ზედაპირულად სხვადასხვა ციფრული წყაროდან დაიწყონ. ხრიკები ცოდნის შემცვლელი არ არის _ ისინი ცოდნის უკეთ გამოყენების საშუალებაა.

ჩემი მთავარი მიზანი უცვლელია – მათემატიკა ბავშვებისთვის იყოს არა მხოლოდ სასწავლო საგანი, არამედ საინტერესო აღმოჩენების, აზროვნების განვითარების, თავდაჯერებულობისა და წარმატების გზა. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ახალი პროექტების, წიგნებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას, რომლებიც მომავალ თაობას ცოდნის მიღებას უფრო საინტერესოს, ეფექტურსა და შედეგიანს გახდის.