შაბათს, ლანჩხუთის სოფელი ჭალა უკანასკნელ გზაზე გააცილებს ძვირფას ქალბატონს, ნანი ჭეიშვილს. რა მადლიანი ქალი ყოფილაო, წერენ მასზე უცნობებიც, რაც შვილობილის, ლალი კუკულაძე-შენგელიას გამოსამშვიდობებელი წერილი წაიკითხეს:
„ჩუმად, მორცხვად მოვიდა ჩვენ ცხოვრებაში…
ცოტა გვიან ეწვია პირველი სიყვარული… მაგრამ ნამდვილი იყო და ვერ შეაშინა, სახლში რომ ორი მული და სამი ობოლი დახვდებოდა, ვერ ათქმევინეს უარი „დედინაცვლობაზე“, თავდახრილი მოყვებოდა მისთვის პირველს და არ იცოდა, რა ელოდა ზღრუბლს იქით…
ცრემლიანი, დაწითლებული თვალებით შევხედე, სული მეწვოდა, ბოლო ხმაზე მინდოდა მეტირა, მეყვირა და…
უცებ წავაწყდი მის ბავშვურად სუფთა, კეთილ თვალებს, ღაწვზე საცოდავად გაფანტულ ღიმილისნაირს, დავინახე, როგორ ცახცახებდა და მივხვდი, ობლებზე მეტად იმ წუთას მას უჭირდა, ჩვენზე მეტად იმწუთას მას სჭირდებოდა ხელი, რომელსაც დაეყრდნობოდა, იმედს მიცემდა და ვიცოდი, ეს ხელი მამაჩემის ვერ იქნებოდა, რადგან მას იმ წუთას უფრო პატარა, ცრემლებად დაღვრილი ობოლი გოგონების თვალებში დანახული „არა ომი“ სჭირდებოდა, პატარა ხელები, ვინც ხელს არ კრავდა…
დღეს გემშვიდობებიან ის პატარა ობლები. სამი შვილობილი ისეთივე ცრემლებით გაცილებთ, როგორსაც იმსახურებდი… რატომ მეგონა, რომ არასოდეს წახვიდოდი???
ჩვენი კოპწია, ჩვენი პრანჭია გოგო, საოცრად მშვიდი, მოსიყვარულე, ბავშვურად გულუბრყვილო და უბოროტო…
მადლობა იმისთვის, რომ ჩემი მამიკო ასე ძალიან გიყვარდა, მადლობა იმ მზრუნველობისთვის, რასაც კარგი მეუღლე ქვია.
მადლობა საუკეთესო ბებიობისთვის, გამორჩეულად რომ უყვარდი შვილიშვილებს…
როგორ მენანები… როგორ მედარდება, ხომ არ გეშინოდა? მაიკო ხომ საკუთარ დედასავით გეფერებოდა ყოველდღე, მჯერა, გესმოდა და იმედიანად იყავი…
სახლში ყველას დავემშვიდობეო, ხომ მითხარი ბოლოს, ახლა ყველა გემშვიდობებით, ჩვენო ტკბილო ნანი ბებო.
ძალიან მოგვენატრები!
განისვენე მშვიდად, უფალს ებარებოდე!“ _ წერს ქალბატონი ლალი.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ნანი ჭეიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





