„ახლახანს არ გავაცილეთ ბიძინა, ნანა და მანამდე კიდევ სულ ნორჩი მეგობრები, შენ რაღაც გვერჩოდი?“ _ ირმა მგელაძის ემოციური წერილი

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ირმა მგელაძე და ბესიკ წულაძე

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ირმა მგელაძე თანაკლასელის, ბესიკ წულაძის (მიწის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი) გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება:

„როგორ მძულხარ სიკვდილო! როგორი ვერაგი და დაუნდობელი ხარ! როგორ აუფერულებ ხოლმე ირგვლივ ყველა ლამაზ ფერს! როგორ მარტივად ფერფლავ სიცოცხლეებს!

და ალბათ, როცა იმარჯვებ, როგორ ხარხარებ ხოლმე დუჟმორეული, სიხარულისგან!

როგორ არ ინდობ დედებს?

ბესო, უშენოდაც არ აკლდა ჩვენს კლასს დარდი თანაკლასელთა უდროოდ დაკარგვის გამო! შენ რატომღა დაგვიმატე? ახლახანს არ გავაცილეთ ბიძინა, ნანა და მანამდე კიდევ სულ ნორჩი მეგობრები, შენ რაღაც გვერჩოდი?

რას ერჩოდი შენს მოხუც მშობლებს? როგორ გაუმწარე სიბერე? როგორ უნდა ვანუგეშოთ ისინი, ჩვენო ლამაზთვალება ბიჭო? იცი, როგორ გვატკინე გული? ჩვენ ხომ დედულეთიც ერთი გვქონდა? ძიმითში გავატარეთ ბავშვობის დაუვიწყარი არდადეგები…

მიყვარხარ, გვიყვარხარ, ჩვენო მერხის და გულის თანაზიარო! დაე, მსუბუქი ყოფილიყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური მიწა. დაე, იქ მოისვენოს შენმა ლამაზმა სულმა, სადაც მართალნი განისვენებენ!“ _ წერს ირმა მგელაძე.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ბესიკ წულაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.