„მისი ხანმოკლე სიცოცხლე და მოღვაწეობა მაგალითი უნდა იყოს  ჩვენი ახალგაზრდობისთვის“ _ 23 წლის თორნიკე წილოსანს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ემშვიდობებიან

|

Loading

თორნიკე წილოსანი

ლანჩხუთელი პედაგოგი თალიკო კილაძე სოციალურ ქსელში წერს თორნიკე წილოსანის შესახებ, რომელიც 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დიდი სიყვარულის დატოვება მოასწრო:

„არ დაგეზაროთ, ყველამ წაიკითხეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის აკადემიკოსის,  დავით გურგენიძის მწუხარების გამომხატველი სიტყვები, რომელიც მიძღვნილია მაგისტრანტის თორნიკე წილოსანისადმი. ამ სამძიმრიმს წერილს უერთდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მე რაღა უნდა დავამატო, მხოლოდ ვიტყვი იმას, რასაც ყველა ამბობს, რომ თორნიკე გაზარდა უბრალოებით, სიკეთით, სიყვარულით, შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით გამორჩეულმა ოჯახმა, ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლამ. მისი ხანმოკლე სიცოცხლე და მოღვაწეობა მაგალითი უნდა იყოს  ჩვენი ახალგაზრდობისთვის.

ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მას დიდი მომავალი ექნებოდა, წარმატებული მოსწავლე და სტუდენტი, ასევე უკვე  წარმატებული თავის პროფესიაში, რაც ყველაზე მთავარია. იგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, ჭეშმარიტი ქართველი, სამაგალითო ოჯახის პატრონი.

ვაი, რომ ეს ყველაფერი ოცნებად დაგვიტოვა მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

როგორც ყველა ლანჩხუთელისათვის, ასევე პირადად ჩემთვის უმძიმესია ეს დიდი უბედურება, რადგან ჩემი ოჯახიც ხომ ასე სრულიად შეცვალა ნიკას და თორნიკეს ბავშვობის მეგობრის, ჩემი ერეკლეს დედის – ახალგაზრდა მაკას უკურნებელი სენით გარდაცვალებამ. ცრემლები დღესაც არ შრება… მწუხარებამ ისევ მწარედ შემახსენა თავი…

ისღა დაგვრჩენია ვანუგეშოთ, მწუხარება გავიზიაროთ, „ჭირთათმენა“ ვუსურვოთ მშობლებს – ნანას და ირაკლის, ძამიკო ნიკას, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც უძვირფასესი იყო საყვარელი თორნიკეს სიცოცხლე.

ძვირფასი ადამიანები არ კვდებიან, გარდაიცვლებიან, გაღმა სოფელსაშინა განისვენებენ მარადიულად, ეს მაძლევს ნუგეშს…

თორნიკე, გამორჩეულო ბიჭო, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა შენს სპეტაკ სულს!“ _ წელს მასწავლებელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტის, თორნიკე წილოსანის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ნიჭიერი და იმედისმომცემი სტუდენტის – თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უკურნებელ სენთან ბრძოლა ერთობ ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე ჩვენი მაგისტრანტისთვის, მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, მისი მშობლიური ლანჩხუთისა და მისი ალმა-მატერისთვის.

გვინდა თორნიკე წილოსანის ოჯახმა იცოდეს, რომ მათი შვილი იყო მაღალი სამეცნიერო მოტივაციის მქონე, ნიჭიერი, კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირებულებებით – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები 2019 წლიდან იცნობენ თორნიკეს, იმ დროიდან, როცა ის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და მიენიჭა პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ თორნიკეს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს – ღმერთმა მისცეს მათ ძალა და „ჭირსა შიგან გამაგრება“.

გამორჩეული სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ხსოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.

აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან.

ლანჩხუთელი ახალგაზრდა მაღალი სიცხეების გამო მიიყვანეს კლინიკაში, მას მეოთხე სტადიის სიმსივნე (ლიმფომა)  დაუდგინდა. სამწუხაროდ, 16 ივლისს, 23 წლის თორნიკე წილოსანი  გარდაიცვალა.