მერვეკლასელი სანიტარი, ჩუვაშეთში დაწყებული კარიერა, ნატაშა ექიმი და 40 წელი ახალი სიცოცხლის მოვლენის სადარაჯოზე _ ლანჩხუთი კოტე ხოფერიას ემშვიდობება

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის საავადმყოფო, ნატაშა და კოტე ხოფერიები

ნამდვილი პროფესიონალი იყო _ სამსახურში მკაცრი, პრინციპული და შეუვალი, ხოლო სამსახურს მიღმა უაღრესად თბილი, ხალისიანი და ადამიანური.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გინეკოლოგიურ განყოფილებას და ყოველდღიურად ურთულეს პასუხისმგებლობას ღირსეულად ართმევდა თავს.

მის გვერდით მუშაობდა მისი მეუღლე _ უსაყვარლესი ნატაშა ექიმი, რომლის მხარდაჭერა და ერთგულებაც მათი საერთო გზის განუყოფელი ნაწილი იყო. ორივემ ერთად, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიული ერთგულებით, ქვეყანას მრავალი ახალი სიცოცხლე მოუვლინა.

ისინი მუშაობდნენ ურთულეს დროსა და პირობებში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება და თითოეული ნაბიჯი უდიდეს პასუხისმგებლობას ატარებდა…

კოტე ხოფერია 1947 წელს თბილისში დაიბადა. იქვე დაამთავრა 30-ე საშუალო სკოლა.

ექიმობა ბავშობიდანვე იზიდავდა და სხვებზე მზრუნველობა სიამოვნებას ანიჭებდა, ამიტომ წარჩინებით სწავლობდა. მერვეკლასიდან ერთ-ერთ საავადმყოფოს სანიტრად მუშაობდა.

რადგან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში დიდი კონკურსი იყო და უპირატესობა „პატრონიანებს“ ენიჭებოდა, ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო სასწავლებელში ჩააბარა.

იქ გაიცნო მომავალი მეუღლე _ ნატაშა კოკაევა, რომელიც მისი თანაკურსელი იყო. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ. მშობლებს რძლად ქართველი სურდათ და… წყვილმა მუშაობა ჩუვაშეთში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ შეეძინა უფროსი შვილი. ამან მშობლებს გული მოულბო _ რძალი და შვილიშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს.

კოტე კი პროფესიურ წინსვლას განაგრძობდა. ითვისებდა სამედიცინო სიახლეებს და მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

ქალაქი ლანჩხუთი, XX საუკუნის 80-იანი წლები. მარცხნიდან: მურად ტუღუში, კოტე ხოფერია, რამაზ ფირცხალაიშვილი, ბორის ბურძგლა, გოდერძი ჭყონია, გიორგი გოგუა და ალეკო ხინთიბიძე | „ძველი ალბომი“, ალეკო ჭყონიას საოჯახო არქივიდან

მისი მშობლების სახლი სოფელ ეწერში გახლდათ და ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა.

ამჯერად კოტე ხოფერიამ ლანჩხუთს თავისი კარიერა დაუკავშირა და 1975 წლიდან მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. იმავე წელს, მან და ნატაშა ექიმმა მუშაობა ადგილობრივ საავადმყოფოში დაიწყეს, მეან-გინეკოლოგებად.

სულ რაღაც სამ წელიწადში, კოტე ხოფერია სათავეში ჩაუდგა გინეკოლოგიურ განყოფილებას, რომელსაც სამ ათეულ წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა.

ლანჩხუთში არასდროს დაავიწყდებათ კოტე და ნატაშა ექიმები, ორი ფიზიკურად და სულიერად ლამაზი ადამიანი, რომლებიც ჩვენს ქალაქს ამშვენებდნენ.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, კოტე ხოფერია გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.