სოფელ აცანაში „აცაურას“ საანგარიშო კონცერტო გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, ნინო მშვიდობაძის შეფასებით, „არიან ანსამბლები, სიმღერის შესრულების თავისი ხელწერა, მანერა რომ აქვთ: „არის ლანჩხუთში, მთაზე შეფენილი, ლამაზი, კოხტა სოფელი თავისი საოცარი ბუნებით, ისტორიით, ოქონათი, საქუხიით, ელინაბადოთი, წმინდა ნინოს მონასტრით, კიდევ უამრავი სიწმინდით და რაც მთავარია, ხალხით, ლაღი, სტუმართმოყვარე და ღიმილიანი ხალხით სავსე სოფელი, რომელსაც აცანა ჰქვია და სწორედ ამ სოფელში მოედინება მსოფლიოში ერთადერთი მდინარე, რომელიც აღმა მიდის, აცაურა, ჰოდა, ანსამბლმაც, განსხვავებულობის გამო, “აცაურა” დაირქვა სახელად. დაირქვა რა, დაარქვეს, უფრო სწორად, ასე მონათლა ანსამბლი დიდმა ჯემალ ჭკუასელმა“.
“აცაურა” 1970 წელს დაარსდა, 20 წლისთავზე კი, სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. თავიდან მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა და განუმეორებელი დალი წიტაიშვილი ედგა სათავეში. მერე ვაჟებიც დაიმატეს და კიდევ უფრო მაღალ რანგში აიყვანეს საშემსრულებლო ხელოვნება. ახლა მას მზია ჩხაიძე ხელმძღვანელობს.
„მარტივი არაა, საათნახევრის მანძილზე იდგე სცენაზე და მაყურებელი ისე მოხიბლო, დროის გასვლას ვერ ხვდებოდეს. “აცაურამ” ეს მოახერხა. ჰოდა, მადლობა ამ ქალბატონებს, ამ ვაჟებს, მადლობა აცანას, აცაურას და მის უდიდებულესობა ქართულ სიმღერას ამ დღესასწაულისთვის“ _ ასე აფასებს „აცანურას“ კონცერტს ნინო მშვიდობაძე და დასძენს: „ეს ანსამბლი ნებისმიერ დიდ სცენას დაამშვენებს უდავოდ…“
ანსამბლის რეპერტუარში შედის არაერთი მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც „აცანურას“ წევრები ნახევარ საუკუნეზე მეტია იძიებენ და ამუშავებენ.





