ლანჩხუთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილმა შარლ პეროს უკვდავმა ქმნილებამ _ „წითელქუდა“ მაყურებელთა აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ ნიჭიერი მსახიობი ირაკლი კალანდარიშვილი. იგი განასახიერებდა მგლის როლს, ხოლო მისი შვილიშვილი _ უმცროსი ირაკლი კალანდარიშვილი _ ძაღლს (თოჯინა), წამყვანისა და ბებიას როლს ტასო კვირკველია ითავსებდა, წითელქუდასი _ ბარბარე ბერიძე. დედა ანა ღლონტი გახლდათ, დუბლი _ თამაზ ფირცხალაიშვილი, ხოლო მონადირე _ გურამ იმნაძე. მოცეკვავე გოგონები იყვნენ ბარბარე შველიძე და ბარბარე გოდერძიშვილი.
განსაცვიფრებელი იყო და სპექტაკლს ორიგინალურობას სძენდა უნიჭიერესი ქორეოგრაფის ირაკლი ჩახვაძის მიერ დადგმული ულამაზესი ცეკვები, რომელსაც საოცარი პლასტიკითა და მომხიბვლელობით ასრულებდნენ სპექტაკლის მონაწილეები.
„წითელქუდას“ მუსიკალურად მერფი (მერაბ ფირცხალაიშვილი) აფორმებდა: პერსონაჟებმა არაჩვეულებრივი სიმღერები შეასრულეს და კიდევ უფრო გაალამაზეს სპექტაკლი. სიმღერას მისთვის დამახასიათებელი სცენურობითა და შესანიშნავი ხმით ასრულებდა ტასო კვირკველია.
მომხიბვლელი იყო სპექტაკლის დეკორაციაც, რაზეც მხატვარმა შოთა ჭყონიამ იზრუნა.
საბავშვო სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და ყველა თაობის მაყურებლთა გულებიც დაიპყრო. გახარებულმა პატარა მაყურებლებმა ზღაპრის გმირებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სპექტაკლს წარმატება მიულოცა საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ვახტანგ გიგინეიშვილმა, რომელსაც ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობისას დადგმული აქვს „ნაცარქექია“, რომელიც ასევე ანშლაგით მიმდინარეობდა.
ლანჩხუთის თეატრალურ დასს, განსაკუთრებით პატარებს ვულოცავთ მაყურებლის გულწრფელ ტაშს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ!
მაია ჩხაიძე, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი





