„ლანჩხუთობაზე“ საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ _ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანდრია (კბილაშვილი), ექიმი მიხეილ ბარამიძე, სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, ბიზნესმენი ლევან იოსელიანი, მსახიობი ვაჟა ებრალიძე და ვეტერანი ფეხბურთელი გია (გიორგი) თავაძე.
მამა ანდრია 1988 წლიდან სათავეში უდგას სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის აღმშენებლობას და თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილისა და მთელი გურიის მოსახლეობის დიდი პატივისცემა დაიმსახურა
ლანჩხუთზე შეყვარებულმა, სიყვარულით ბრენდად ქცეული სახელით – “მიშიკო ექიმმა” მშობლიურ ქალაქს უერთგულა და ამით უფრო დიდ კარიერაზე თქვა უარი… მიხეილ ბარამიძე – დიდი გამოცდილების მქონე, ნამდვილი პროფესიონალი, თანაქალაქელთა სიამაყე და იმედია!

„გურია თუდეის“ ფოტოკოლაჟი | ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა (ყველა ფოტოზე მარცხნივ) საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა | ზედა ფოტოებზე, მარცხნიდან: მამა ანდრია და მიხეილ ბარამიძე; ქვემოთ, მარცხნიდან: ვაჟა ებრალიძე, თამაზ კილაძე, გივი მიქანაძე, გიორგი თავაძე, ლევან იოსელიანი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გივი მიქანაძის დასახელებამ ბევრი დააინტერესა წარმატებული კარიერის მქონე მაღალჩინოსნის მუნიციპალიტეტთან კავშირით. „გურია თუდეიმ“ გაარკვია, რომ მისი ბებია-ბაბუა სოფელ არჩეულში ცხოვრობდა, სადაც გასულ წელს, მან მიწის ნაკვეთი შეიძინა და სახლის აშენებას გეგმავს.
ლანჩხუთის I საჯარო სკოლის ლეგენდარული დირექტორი თამაზ კილაძე 45 წელია, სკოლის ხელმძღვანელად მუშაობს _ ჯერ ჩოჩხათის სკოლის დირექტორი გახლდათ, შემდეგ მამათის სკოლას ხელმძღვანელობდა, ხოლო 40 წელია, ქალაქის #1 სკოლის „პირველია“!
ქართული ფეხბურთის ლანჩხუთელი ლეგენდა გია (გიორგი) თავაძე მუნიციპალიტეტიდან ერთადერთია, რომელიც ევროთასს ფლობს – 1981 წელს, თბილისის „დინამოს“ ტრიუმფის მონაწილეა. ვეტერანი ფეხბურთელი ასევე თამაშობდა „გურიასა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.
ლანჩხუთელთა უსაყვარლესი მსახიობი ვაჟა ებრალიძე ათწლეულებია, ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული შენობის კომენდანტია. მისთვის სცენა მთელი ცხოვრებაა და თანაქალაქელთა დიდი სიყვარულიც მისმა შესანიშნავად შესრულებულმა როლებმაც მოუტანა.
წაიკითხეთ: მისთვის თეატრი და სცენის მტვერი მთელი ცხოვრებაა… ალმასხანი, ბაბუა ქიშვარდი და სიმონა ძალაძის დაუვიწყარი სახე _ ლანჩხუთელთა უსაყვარლესი მსახიობი 70 წლისაა!
უფრო ქველმოქმედებითაა ცნობილი ბიზნესმენი და ექიმი ლევან იოსელიანი, მაგრამ გაკეთებული სიკეთეების აფიშირებას არ ახდენს. თუმცა ვერ დაიმალება, რომ ჯურუყვეთში ეკლესია მისი აშენებულია.





