ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმმა 18 მაისის ღონისძიება მიუძღვნა ჩვენი თანასოფლელის, აფხაზეთის ომის გმირის, თამაზ ტყეშელაშვილის ხსოვნას. სოხუმში დაცემული ჭაბუკის სახელი დაერქვა არჩეულში იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და აღიზარდა.
„მეომრის მიერ განვლილი გზა, რომელმაც უკვდავება მიანიჭა არჩეულელ ჭაბუკს“, – ასეთი იყო ღონისძიების „პრელუდია“, რომელიც მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუშმა წარადგინა.
ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ღლონტმა შეასრულა სიმღერა _ „ისევ ისე გელოდება აფხაზეთი“.
ამავე სკოლის მოსწავლე ელენე სარიშვილმა წაიკითხა ლექსი _ „აფხაზეთო ჩემო“, რეზი აბაშიძემ – „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“.
სიმღერა „აფხაზი ვარ“ შეასრულეს ნინოშვილელმა მოსწავლეებმა: ანასტასია ღლონტმა, სალომე სვანიძემ, ანი მარგალიტაძემ და მარიამ ჩხარტიშვილმა.
მარი დონდოლაძემ მხატვრულად წაიკითხა ლექსი _ „თითქოს დაგშორდი და მიგატოვე“.
ნინოშვილელმა მოსწავლეებმა მოხდენილად და სასიამოვნოდ შეასრულეს ცეკვა „რაჭული“.
გმირის დედას, ქალბატონ ფოთოლა ტყეშელაშვილს მიეძღვნა „სიმღერა დედაზე“, რომელიც გულშიჩამწვდომად შეასრულა ნორჩმა მომღერალმა, გაბრიელ ბეშიტაიშვილმა.
მურმან ლებანიძის ლექსი _ „აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს“ შთამბეჭდავად წაიკითხა გიორგი ღლონტმა.
„ენგურის ხიდზე ვიდექი მარტო“ მსმენელთ გააცნო ნინი მარგალიტაძემ, ხოლო მამუკა ჩხარტიშვილმა წაიკითხა – „აფხაზეთო, ჩემო სუნთქვავ“.
ანასტასია ღლონტმა და ანი მარგალიტაძემ შეასრულეს პოპულარული სიმღერა _ „მაგნოლია“.
შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ წარმოადგინეს ნინოშვილელმა მოსწავლეებმა: ანი მარგალიტაძემ, ლაშა ჭელიძემ, ანასტასია ღლონტმა და ნოდარ დიასამიძემ.
სიმღერა _ „აფხაზეთის მიწაზე“ შეასრულა ნინოშვილის სკოლასთან არსებულმა გუნდმა.
ანზორ აბულაშვილის ლექსი _ „აფხაზეთი დამესიზმრა“ მხატვრულად წაიკითხა ლიზი წერეთელმა. ცეკვა „განდაგანა“ წარმოგვიდგინა გოგონებისა და ბიჭუნების მოცეკვავეთა ჯგუფმა.
ნინოშვილელთა გამოსვლა დააგვირგვინა სკოლის გუნდმა, რომელმაც შეასრულა „სიმღერა საქართველოზე“.
მაყურებელთა მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს ნინოშვილელმა მოსწავლეებმა, რაც მათი მუსიკის მასწავლებლის, ნანა ხომერიკი-მიქაბერიძისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ციალა ტუღუშის დიდი შრომაგარჯილობის შედეგია.
ნინოშვილელთა გამოსვლას მხარი დაუმშვენეს ნიგვზიანელმა თანატოლებმა – ანანო ტუღუშმა დამარიამ მოისწრაფიშვილმა. მათ წაიკითხეს ეკა ბერიძის ლექსი _ „ღმერთო, დალოცე საქართველო, მიწა საუფლო“.
სესილი კვინტრაძემ წარმოგვიდგინა ანა კალანდაძის მშვენიერი ლექსი _ „ვერ წაიღეს, ვერა“. ანდრია კვინტრაძემ – ლადო ასათიანის _ „საქართველოში“, ეთუნა გურგენაძემ წაიკითხა თამარ იაშაღაშვილის _ „და იქმნა ნათელი“.
ნიგვზიანელებმა ოსტატობითა და სიჩაუქით შეასრულეს ცეკვები: „ხევსურული“ და „აჭარული“.
ნიგვზიანის სკოლის მოსწავლე ანდრია იმნაძემ შესანიშნავად წაიკითხა შანდორ პეტეფის თავისუფლებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ლექსი.
ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომელმა, ეთერ დარიამ გმირის დედას მიუძღვნა საკუთარი ლექსი, ხოლო ღონისძიების დასასრულს ექსკურსიამძღოლმა მარინა ცეცხლაძემ მხატვრულად წაიკითხა ნანა მეფარიშვილის ლექსი _ „ვერ დამაჩოქებ!“.
მუზეუმის მენეჯერმა, ავთანდილ გოგიჩაიშვილმა მადლობა მოახსენა ყველა დამსწრე თუ მონაწილე პირს, რომელიც გმირის ხსოვნას მიესათუთა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები. ასევე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გოდერძი ქურიძე, ნიგვზიანში მერისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ინტელიგენცია, ჟურნალისტები, გმირის ოჯახი _ დაღუპული ჭაბუკის დედა ქალბატონი ფოთოლა და ძმა _ ჯუმბერ ტყეშელაშვილი.
სამარადისო დიდება ომში დაცემულ თითოეულ მებრძოლს, რომელთაც ყველაზე ძვირფასი _ სიცოცხლე ზვარაკად შესწირეს მამულის უკვდავებას.
ზოია ტუღუში,
ნინოშვილის მუზეუმის არიქვის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი





