ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორმა ბექა ურუშაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, მარინა კეიდიამ დაათვალიერეს.

ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, ახალ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან დაიწყება, რაც ადგილობრივ ბავშვებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.




