ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: ვაქცინები მუშაობს და ყველა თაობისთვის ეფექტურია!

|

Loading

ვაქცინაცია თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანებს იცავს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისა და მათი გრძელვადიანი გართულებებისგან.

საქართველოს აცრების ეროვნული კალენდარი უზრუნველყოფს ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენსა ტიპი ბ, წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის პაპილომავირუსი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოება. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, 2026 წლიდან სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს HPV ვაქცინაციას როგორც ქალებისთვის, ასევე  ვაჟებისთვის 13-დან 46 წლამდე ასაკში. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კიბოს პრევენციის მიმართულებით.

აპვ წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსს, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს.

მისი მაღალი რისკის შტამები, განსაკუთრებით მე-16 და მე-18 ტიპები, დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე ანუსის, პენისისა და პირ-ხახის არეალის სიმსივნეებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა         უმრავლესობა სწორედ ამ ვირუსით არის გამოწვეული,  თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციითა და რეგულარული სკრინინგით.

2026 წლიდან ვაქცინაციის სქემა შემდეგია:

10-15 წლის ასაკში: ორჯერადი აცრა (ინტერვალი მინიმუმ 6 თვე);

15-45 წლის ასაკში: სამჯერადი სქემა (0-2-6 თვე).

საქართველოში ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ.

ვაქცინაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა _ ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის გზა. აცრილი ადამიანი იცავს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.

ვაქცინა საუკეთესო დაცვაა _ რადგან პრევენცია ყოველთვის სჯობს მკურნალობას.

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი