„მიმდინარე წლის 12-14 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გაიმართა ევროპის გულის რითმის ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი EHRA 2026, სადაც ჩვენი ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელმა, ნიკა ქურიძემ წარადგინა ჩვენს ცენტრში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა ეხება კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის გავლენას გულის უკმარისობის გამოსავალზე HFmrEF პაციენტებში. აღნიშნული ნაშრომი ასევე ხელმისაწვდომია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საგანმანათლებლო პლათმორმაზე ESC 365“ _ ვკითხულობთ გულიკო ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე.
ნიკა ქურიძე წარმატებული ექიმია. მან 2001-2007 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და მიიღო დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. პოსტდიპლომური სამედიცინო სწავლება ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრსა და გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გაიარა.
ლანჩხუთელმა მედიკოსმა დიდი პრაქტიკა მიიღო ევროპის წამყვან კლინიკებში, ძირითადად _ გერმანიაში. მათ შორის, 2005 წელს, იენას ფრიდრიხ შილერის სახელობის საუნივერისტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილებაში, 2006-2007 წლებში – ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგადი, სისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგიის განყოფილებაში, ხოლო 2008 წელს – კარლსრუე, St. Vincentius-Kliniken-ის გულის კათეტერიზაციისა და ელექტრო-ფიზიოლოგიური გამოკვლევების ლაბორატორიაში.

ნიკა ქურიძე (მარჯვნივ) კოლეგებთან ერთად
იმავე წელს, ასევე კარლსრუეში პრაქტიკა გაიარა „წითელი ჯვრის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
2010 წელს, ნიკა ქურიძემ საექიმო პრაქტიკა ბად კროცინგენის გულის ცენტრში გაიარა, ინტენსიური თერაპიის და რითმოლოგიის განყოფილებასა და გულის კათეტერიზაციისა და ელექტრო-ფიზიოლოგიური გამოკვლევების ლაბორატორიაში; ორი წლის შემდეგ, გერმანიის საუნივერსიტეტო გულის ცენტრში _ გულის კათეტერიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევების ლაბორატორიებში და რითმოლოგიის განყოფილებაში, ასევე ლაბორატორიაში კარდიოსტიმულატორების/ICD/CRT სისტემების იმპლანტაციებისთვის.
2012-2013 წლებში მან კარდიოსტიმულატორისა და კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციის თეორიული კურსი გაიარა შვეიცარიის ქალაქ ტოლოშენასა (Academia Medical Education – “The Simulated Implant”; “ICD Principles In Clinical Practice) და პორტუგალიის ქალაქ პორტოში (Academia Medical Education – „Master in Device Implantation – Live Implants With Expert”; Hospital de Santo Antonio).
ნიკა ქურიძეს ასევე გავლილი აქვს პრაქტიკული კურსი AZ Sint Jan Hospital-ში, რომელიც ბელგიის ქალაქ ბრუგეში მდებარეობს _ გულის კათეტერიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში, რითმოლოგიურ დეპარტამენტში. 2017 წელს მან თეორიული კურსი
გაიარა გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მართვის საკითხებში; Best Practice of Heart Failure Management კაპლანის სამედიცინო ცენტრში (რეჰოვოტი, ისრაელი).
ეს არასრული ჩამონათვალია ევროპის იმ კლინიკების, სადაც წარმატებულმა მედიკოსმა პრაქტიკული კურსი გაიარა.
ასეთი ფასდაუდებელი პრაქტიკის გარდა, გამოარჩევენ მის ნიჭსა და შრომისმოყვარეობას, რამაც ნიკა ქურიძე წარმატებულ ექიმად აქცია!
ლანჩხუთელი ექიმი, წლებია, გულიკო ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტია და ამჟამად ქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.




