„ლანჩხუთმა“ „ვერეს“ ისევ 5:0 მოუგო. კვლავ გაიტანა ნათია დანელიამ _ ლიგის მთავარმა მეგოლემ თუ ლანჩხუთურ შეხვედრაში თბილისელებს ერთი გაიტანა, ამჯერად 2 წუთში 2-ჯერ აიღო მასპინძელთა კარი.
ასევე დუბლი შეასრულა ნინო ბუხრიკიძემ, რომელიც თანაგუნდელის მთავარი მდევარია ბომბარდირთა დავაში. ეროვნული ნაკრების მოთამაშე თამაშს უგოლოდ არ ტოვებს. შეგახსენებთ, წინა შეხვედრაში 8 (!) გოლი გაიტანა.
ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი ჰანა რასელმა _ ამერიკელმა ლეგიონერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 5:0!
ეს გურულების ზედიზედ მე-15 მოგებული შეხვედრაა. თბილისური კოშმარის (0:4 „ნიკე-ლუსოსთან“) გარდა ციცებმა ყველა თამაში მოიგეს, მათ შორის სტუმრად 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ.

„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ ბურთებშიც დაუახლოვდა
ლანჩხუთშიც მხოლოდ 2 გაუშვეს და ჯამში, გიორგი ჩხაიძის გუნდს 14 „მშრალი“ (17-დან) შეხვედრა დაუგროვდა.
საინტერესოა, რომ გურულთა მთავარ მეკარე სვეტლანა გაბელაიამ 16 ჩატარებული შეხვედრიდან გოლები მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ გაუშვა. სხვა გუნდებმა ერთხელაც ვერ აიღეს მისი კარი.
პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრას „ლანჩხუთი“ გვიმბალაურში გამართავს და ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლებს.
23.06.2026 | თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი | ვერე 0:5 ლანჩხუთი
0:1, 0:2 დანელია (18′, 20′), 0:3, 0:4 ბუხრიკიძე (34′, 66′), 0:5 რასელი (78′)
ლანჩხუთი: გაბელაია (თაბაგარი), გუჯაბიძე (მატვეევა), ჩხარტიშვილი, მურილო, ჯოჯუა (წულაია), ნარსია, რასელი, დანელია, ბუხრიკიძე, მწყერაშვილი (ფერეირა), სულაშვილი




