„გურია თუდეის“ ინფორმირებული წყარო: შუხუთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული _ ლელობურთი წელს არ ჩატარდება

|

Loading

შუხუთში წელს სახალხო დღესასწაული არ ჩატარდება

„გურია თუდეის“ რამდენიმე წყარო ლანჩხუთის მერიიდან უდასტურებს, რომ წლევანდელი აღდგომა შუხუთის ტრადიციული სახალხო დღესასწაულის გარეშე ჩაივლის. ლელობურთი-2026 არ ჩატარდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და მისი ხსოვნის პატივსაცემად.

მართალია, ამის თაობაზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციის სანდოობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არც ლანჩხუთის მერიას და არც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ლელობურთის ღონისძიებების განსახორციელებლად ტენდერი არ გამოუცხადებია.

ყოველ შემთხვევაში, ლელობურთის ღონისძიებამდე 8 დღით ადრე, სახელმწიფო შესყიდვებში გვერდზე ასეთი რამ ატვირთული არ არის. ტექნიკურად შესაძლებელია, მოკლე დროში, საკითხის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, მაგრამ ლელობურთის გამართვის თარიღი წინასწარ არის ცნობილი და ზემოთქმულის საჭიროება არ არსებობს. ეს კი ადასტურებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას წელს ლელობურთვის გამართვა დაგეგმილი არ აქვს.

არსებული ინფორმაციით, წელს ბურთი შეიკერება. ასე მოხდა მაშინაც, როცა ლელობურთი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ჩატარდა.

შუხუთის სახალხო დღესასწაული მხოლოდ ბურთის აგდება არ არის, თან ლელობურთი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი, მის გამართავს ორგანიზება (დრონები, მონიტორი, პირდაპირ ტრანსლაცია, ფაცხების მოწყობა და ა.შ.) და შესაბამისად, ფინანსები სჭირდება.

ცნობისთვის: ლელობურთი შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ ტარდება და საღამოს 5 საათზე, 16 კილოგრამიან ბურთს ზემოურებსა და ქვემოურებს შორის ამავე ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა აგდებს.

ზუსტი თარიღი უცნობია, როდის გაიმართა პირველი თამაში. თავიდანვე იგი აღდგომას ტარდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს _ 1 მაისს გადაიტანეს. 1989 წელს იყო პირველად, როცა შუხუთში ლელობურთი არ ჩატარდა, 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გამო. ბოლო წლებში კი, ეს ორჯერ (2020-21 წლებში) მოხდა _ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.