ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირმა მგელაძე ამბობს, რომ ლანჩხუთში ევროკავშირის საჩუქარს არ უვლიან.
„ყოფილხართ ბოლო პერიოდში ორაგვეში? დამტკბარხართ ენით აუღწერელი სილამაზით? ვინც არ ყოფილხართ, გირჩევთ აბრძანდეთ, ამ საშინელი სიცხეების დროს მით უმეტეს, ჰაერია სასწაული და ახლა ასასვლელადაც საკმაოდ მარტივია, რადგანაც ევროკავშირის დაფინანსებით, კარგი ასფალტის საფარია დაგებული ბოლომდე“ _ ამბობს ოპოზიციონერი და ირონიულად დასძენს: „ალბათ იმიტომ დაგვიგეს, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა“.
„მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ მოიფიქრა და ვინ დაწერა პროექტი, თუ ასეთი არსებობს, თუმცა ევროპელებმა შეაფასეს რა ის სილამაზე და ტურისტული პოტენციალი, გვაჩუქეს 2 მილიონამდე ამ პროექტის განსახორციელებლად და მშვიდობაში მოიხმარეთო გვითხრეს. მასობაში რა გაკეთდა? დაიგო გზა, ბოლომდე! გაკეთდა და მოეწყო საპიკნიკე შესაბამისი სივრცეები! მოეწყო ულამაზესი ზიპლაინის ზონა, თავისი კიბეებით, ზემოთ ულამაზესი ხედითა და სველი წერტილებით! თუმცა დღეს, რომ ახვიდეთ გული მოგიკვდებათ, მოუვლელობით, უპატრონობით ისეა განადგურებული ამხელა ინფრასტრუქტურა, რომ გაუხსნელად და ჩაბარებამდე ხელთავიდან სარემონტოა უკვე ყველაფერი! ადგილობრივმა მერიამ ის ვერ მოახერხა, რომ ზიპლაინის “ტროსები” ყოფილიყო შესაბამისობაში ზიპლაინის ფედერაციის მოთხოვნებთან და უკვე რამდენი ხანია არ დაადგა საშველი მის გამოცვლას!“ _ აცხადებს საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, „იმდენად დაიკიდეს ევროპელების ნაჩუქარი, რომ ერთი დარაჯი ვერ გაიმეტეს იმ ადგილებისთვის, სადაც სველი წერტილებია მოწყობილი და ახლა დამტვრეული კარებით და საშინელი ანტისანიტარიით “ხიბლავს ტურისტებს”…
„არადა ისეთი კარგი ჩანაფიქრია, თუ როდესმე დასრულდა და იფუნქვიონირა, რომ თავისუფლად შეიძლება ადგილობრივი მეწარმეების დასაქმება, პერსონალის დასაქმება და სოფლის კარგ საკურორტო ზონად გადაქცევა… არ გამიკვირდებოდა ასეთი “დაკიდება”, წინა ხელისუფლების მიერ რომ ყოფილიყო გაკეთებული, მაგრამ თქვენს გაკეთებულს მაინც ეცით პატივი, მიიყვანეთ ბოლომდე, თორემ ვეჭვობ ევროკავშირი მალე აღარაფერს აღარ გვაჩუქებს, ისევ თქვენი “მთავრობის” დიდი ძალისხმევით“ _ დასძენს ირმა მგელაძე.
ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის თემში გოჩა ცინცაძე ამბობს, რომ პროექტი დასრულდება. „მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველაფერს აკეთებს ორაგვის კეთილდღეობისთვის. დაზიანებული კარები, რასაც თქვენ მიუთითებთ, არის რამდენიმე დღის წინ დანაზიანები. მოვიკვლევთ და შევაკეთებთ. ასევე მოხდება ტერიტორის დასუფთავება. დადგმება ნაგვის ბუნკერებიც“ _ აცხადებს თემის წარმომადგენელი.





