გუშინ, მკვლელობა მოხდა წუხელ ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში. 35 წლის ზურა რაზმაძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა.
“გურიის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მოკლულის ახლობლები მედიას უყვებიან, რომ ზურა რაზმაძე უკონფლიქტო ადამიანი იყო. მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.
“შოკში ვართ მომხდარით, წუხელის ბათუმში იყო ექსპერტიზაზე გადაყვანილი. დღეს ჩამოასვენებენ სახლში. ერთი საწყალი ობლად გაზრდილი ბიჭი იყო. მეუღლე და ორი შვილი დარჩა. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცით” – ახლობლების პოზიციას „ამბები.გე“ ავრცელებს.





