„გურიამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. „დიდუბე“ გურულების კონკურენტია და საზაფხულო შესვენების მეორე ადგილზე შეხვედრაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.
თანაც გურულები აგებდნენ _ გოჩა ტყებუჩავას (დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ტრიბუნიდან მოძღვრავდა) შეგირდება პირველ ტაიმში უპირატესობა გოლად ვერ აქციეს, სამაგიეროდ, მეორეს სტარტზევე დედაქალაქელებმა ანგარიში გახსნეს.
არადა, კუთხურის გათამაშებისას, საჯარიმოში 2-ჯერ მეტი სტუმარი იყო, მაგრამ კამანლიდინი მინუნგუსთან ვერაფერი გააწყვეს, 0:1.
ბოლო 15 წუთში მოახერხეს გურულებმა თამაშის შემოტრიალება _ ჯერ დათა სიჭინავამ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, ხოლო მატჩის გმირად დავით მაისაშვილი მოგვევლინა: შეტევაში ჩართულმა მცველმა თავურით აიღო თბილისელთა კარი.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი გახლდათ ლაინსმენის ვერდიქტი, ვისაც ყველაზე უკეთ უნდა დაენახა, მთლიანად გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.
მართალია, „დიდუბეს“ მცველი მისი გამოტანისას ხაზს შიგნით იმყოფებოდა, თუმცა ვიდეოგამეორება დაეჭვების შესაძლებლობას ტოვებს, ოღონდ გადაჭრით ვერაფერს ამბობს.

„გურიამ“ პირველი წრე მე-2 ადგილზე დაამთავრა
გოლი ჩაითვალა და მსაჯთან კამათის გამო, თბილისელები 10 მოთამაშით დარჩნენ.
ამის გამო, კიდევ უფრო გაუიოლდათ გურულებს საქმე _ დარჩენილ წუთებში კარი უსაფრთხოდ შეინახეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.
პირველი წრის შემდეგ, „გურია“ მეორე ადგილზეა. სეზონს გუნდი 6 აგვისტოს, „ლოკომოტივთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს.
21.06.2026 | კასპი, ცენტრალური სტადიონი | დიდუბე 1:2 გურია 1:0 მინუნგუ (46′), 1:1 სიჭინავა (75′ პენ), 1:2 მაისაშვილი (83)
გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი (90′ წილოსანი), კაკუბავა, ნოზაძე, კახაბრიშვილი (59′ შარვაძე), მაისაშვილი, სიჭინავა (90′ ტაბატაძე), ჩოთალიშვილი (67. ოქროპირიძე), ჩაგანავა, ქოქოსაძე (67′ ხუნდაძე)




