დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა რევაზ ჩელებაძე 70 წლის გახდა. მისი საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქობულეთის „შუქურას“ აკადემიაში დაიწყო. პროფესიონალურ დონეზე კი მისი გზა ბათუმის „დინამოდან“ იწყება და ლანჩხუთის „გურიას“ გავლით თბილისის „დინამოს“ უკავშირდება. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში მან 158 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა, სსრკ-ის ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა და 1980 წლის ოლიპმიადაზეც მიიღო მონაწილეობა. 1982 წელს თბილისის „დინამოდან“ „გურიაში“ გადავიდა და, როგორც თავად აღნიშნავს, გარკვეული წვლილი შეიტანა, ,,გურიას’’ დაემკვიდრებინა ადგილი პირველ ლიგაში.

მარცხნიდან პირველი – რევაზ ჩელებაძე
„ცოტა ხანი ვითამაშე გურიაში“, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა და კვალი დამეტოვებინა. თუ კარგად მახსოვს 10-12 მატჩი ჩავატარე. პირველ რვა ტურში, რომელიც მე ვითამაშე (მანამდე ,,გურიას’’ ჰქონდა 21 თამაშიდან 17 ქულა), გუნდმა მოიგო ექვსი და ორი ფრედ დაამთავრა, დააგროვა 14 ქულა. დიდი წვლილი მიმიძღვის, რომ ,,გურია’’დარჩენილიყო პირველ ლიგაში. ლანჩხუთიდან ძალიან ბევრ ადამიანს გავიხსენებ… ბატონ ევგრაფ შევარდნაძეს – როგორც მამის დამოკიდებულება შვილთან, ისეთი მახსოვს მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. როგორც ოჯახის წევრი, ისე ვყავდი მიღებული. ჩემი უფროსი მეგობარი ჯანგირა მშვიდობაძე, ლანჩხუთის კოლორიტი, ჩემი ძმა და მეგობარი, ჩემი იმედო დუნდუა. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: სმოლენსკში გვქონდა თამაში. მსაჯმა მომაყენა შეურაცხყოფა, ვერ მოვითმინე და ,,შემომელახა’’. ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. სამუდამო დისკვალიფიკაციას მაძლევდნენ. წავედით მოსკოვში. სპორტკომიტეტში ვართ. იმედომ მითხრა, აქ დამელოდეო და თვითონ ზევით ავიდა ,,ესტეკაზე’’. დააგვიანდა, უცებ ვხედავ ჩამორბის კიბეებზე გაფითრებული და მეუბნება – ,,რეზო წევედით ჩქარა, თუ არა ეგენი, მგონი გვიჭერენო“. შემდეგ მურთაზ ხურცილავა შეხვდა საბჭოთა კავშირის სპორტკომოტეტის თავჯდომარეს და 10 თამაშით მომცეს დისკვალიფიკაცია“ _ ამბობს „ლანჩხუთი პლუსთან“ წლების წინ მიცემულ ინტერვიუში.
„გურია თუდეი“ ულოცავს ლეგენდარულ ფეხბურთელს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს!





