„ამდენი ფოტო რომ გამოაქვეყნეთ და დაწერეთ, რატომ არ ახსენეთ თენგულა ხოფერია? ბავშვმაც კი იცის, რომ ეწრის ეკლესია მან ააშენა“ – ზარი „გურია თუდეის“ რედაქციაში და რას წერს სოფლის მაჟორიტარი?

|

Loading

ფოტოკოლაჟი | თენგიზ ხოფერია და ეწრის ეკლესია

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას _ ვისი სახელობისაა სოფელ ეწრის ახალი ტაძარი, რომელიც დღეს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა გახსნა _ ჩვენი ერთგული მკითხველი მარინა კვაჭაძე [ლანჩხუთის კოლორიტის, სოსო კვაჭაძის და] გამოეხმაურა, რომელმაც რედაქციაში დარეკა:

„არ გეწყინოთ, შენიშვნას თუ მოგცემთ. თქვენი აქტიური მკითხველი ვარ და გთხოვთ, არ მიწყინოთ: ძალიან გამიკვირდა, ამდენი ფოტო გამოაქვეყნეთ, ამდენი დაწერეთ ეწრის ტაძრის გახსნაზე და რატომ არავინ და არც თქვენ არ ახსენეთ თენგულა ხოფერია, რომელსაც ეკლესიის აშენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის“ _ გვითხრა ქალბატონმა მარინამ.

მოგვიანებით, „გურია თუდეის“ სტატიას _ „ეს ჩემი სოფლის ეკლესიაა, ერთი გზა ჩემს სახლთან მიდის და პირიქით… თავიდან [ფიზიკურად] ორი კაცი აშენებდა, ერთი გარდაცვლილია, მეორე – ჩემი ოჯახის წევრია…“ – ჩვენს ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ჯურუყვეთისა (მასში შედის ეწერი) და ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზეიმო გახსნას ვერ დაესწრო:

„მეტად საშური და დიდებული ამბავია… ულამაზესი ტაძარი აღიმართა სოფლის ცენტრში. მადლობა იმ ორ ადამიანს [შოთა ხოფერია, იური ნაკაიძე], ვინც საძირკველი ჩაუყარა მშენებლობას… მადლობა ყველა იმ პიროვნებას, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო ტაძრის მშენებლობისას… ფიზიკურად ვინც თავი არ დაზოგა და განსაკუთრებით მადლობა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად უზრუნველყო ასეთი დიდებული ტაძრის აშენება. ბავშვმაც კი იცის ჯურუყვეთში, რომ ტაძარი ბატონმა თენგო ხოფერიამ ააშენა. ჰოდა, მე, როგორც ერთი უბრალო მოკვდავი და ცოდვილი, ამ საშვილიშვილო საქმისათვის მადლობას ვუხდი ყველას, ერსაც და ბერსაც _ ფიზიკურად თუ ფინანსურად თავშეწუხებულ ადამიანს, ვინც გვაჩუქა ეს დიდებული ტაძარი“ _ წერს თემის მაჟორიტარი.

როგორც ამბობენ, თენგიზ ხოფერია სოფელში სხვა ქველმოქმედებასაც აკეთებს, თუმცა ამის აფიშირება მისი სურვილით არ ხდება.

ცნობისთვის: გუშინ, სოფელ ეწერში წმინდა ქრისტეფორე გურულის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ტაძარი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აკურთხა და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით დალოცა ყველა, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა მის მშენებლობაში.

ცნობილია, რომ ეწრის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა მშენებლობაში, თუმცა მათგან განსაკუთრებულია ამავე სოფლის მკვიდრის, თენგიზ ხოფერიას წვლილი, ვის სახელსაც უკავშირდება სწორედ ქრისტეფორე გურულის სახელობის ტაძრის აგება.

იგი ე.წ. „კანონიერი ქურდია“ და საქართველოში არ ცხოვრობს, მას ქართველი სამართალდამცველები ე.წ. „ქურდულ გარჩევების“ ორგანიზებას ედავებიან.