ლანჩხუთში ძაღლს ნიჩბით სცემდნენ, რის გამოც ის დაავადდა და კეთილი ადამიანების მცდელობა, ცუგა გადაერჩინათ, უშედეგო გამოდგა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ და სულისშემძვრელ სტატუსს ქალაქის მაცხოვრებელი, სამოქალაქო აქტივისტი ციცინო უგრეხელიძე წერს:
„ეს რომ არ დავწერო, ოღონდ ძალიან გულისტკივილით, არ შემიძლია! კმაყოფილები ხართ, ძაღლთმოძულეებო, ვინც ამ ძაღლს ნიჩბით ცემდით და კიბო გაუჩინეთ? ერთი თვეა, ველოლიავებით რამდენიმე კეთილი ადამიანი, საკმაოდ ძვირიანი მედიკამენტებით, ექიმთან მკურნალობით, მაგრამ იძულებული დავრჩით, სპეცწამლით დაგვეძინებინა, იმდენად იტანჯებოდა. ძალიან ცუდად ვარ, მთელი ღამე არ მიძინია, იმის გამოხედვა არასოდეს დამავიწყდება, მადლიერი თვალებით. სირცხვილი თქვენი, ჩაიხედეთ გულში! მაგრამ გული გააქვთ??? ბევრი, ალბათ, დამცინებთ, მე სასაცილოს არაფერს გავაკეთებ, მადლი მიყვარს! ვინც იცინებთ ამ პოსტზე, მიეწიეთ უკან ამ ცუგას!“ _ წერს აღშფოთებული და გულნატკენი ქალბატონი.
მას ბევრი გამოეხმაურა. „ჩვენო ბუატა, ახლა ხომ ხარ ბედნიერი ცისარტყელაზე?“ _ წერს ნანა დათიაშვილი.
ციცო ხუხუნაიშვილი კი აღნიშნავს, რომ გურიაში ცუგებს სადისტურად ექცევიან: „სამწუხაროა, რომ გურიაში განსაკუთებით, ძალიან სადისტურად და არადამიანურად ექცევიან საცოდავ ცხოველებს..ლანჩხუთის ცენტრში ისეთი გაძვალტყავებული, ფაქტობრივად, ჩონჩხად ქცეული ძაღლები ვნახე, არსად რომ არ მინახავს! ნუთუ, ერთი ლუკმა საჭმელი დაენანა აქაურებს? თუმცა საჭმელი კი არა, თურმე ცემენ კიდევაც! ცოდვა-მადლზე არაფერი სმენიათ?“
ლალი ორმოცაძე: „უუჰ, გული ჩამეფხრიწა… ძაღლმა რომ იცოდეს, ვინაა ადამიანი, არასოდეს არ უერთგულებდა მას…“


