[ქართველი ტალანტები მსოფლიოში]
ირმა ცინცაძე გურიიდან, კერძოდ კი, ლანჩხუთიდანაა წარმოშობით. ნიჭიერი ქართველი მხატვრის ბავშვობა ბედნიერი და უდარდელი იყო. აღიზარდა კულტურულ და განათლებულ ოჯახში. მზრუნველი მშობლები პირველივე წლებიდან ამჩნევდნენ მის ხატვის განსაკუთრებულ ნიჭს და მტკიცედ სჯეროდათ, რომ მათი შვილი მომავალში მხატვარი გახდებოდა.
11 წლის ასაკში უკვე გამოკვეთილი ნიჭი ჰქონდა. მშობლების მხარდაჭერა, განათლების სიყვარული, მეგობრობისა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემა _ სწორედ ეს საფუძველი გახდა მისი როგორც პიროვნების, ისე ხელოვანის ჩამოყალიბებისთვის.
სამწუხაროდ, დღეს მშობლები მის გვერდით აღარ არიან… თუმცა მათი დათესილი სიკეთე და სითბო მის ფერებში და თითოეულ ტილოზე ცოცხლობს.
ირმა ორი შვილის _ ნინოსა და მიხეილის დედაა. მუშაობდა ხელოვნების პედაგოგად ლანჩხუთისა და თბილისის სკოლებში, მაგრამ ცხოვრების სირთულეებმა და საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა 2017 წელს რთული გადაწყვეტილება მიაღებინა _ ემიგრაციაში წასულიყო.

ირმა ცინცაძე ფლორენციაში გამოფენაზე
8 წელია იტალიაში ცხოვრობს და ემიგრანტის მძიმე, მაგრამ ღირსეულ გზას გადის.
ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყოველი თავისუფალი წუთი ფერებსა და ტილოს დაუთმო. ასე დაგროვდა მისი ნამუშევრები _ ემოციებით, სიღრმითა და სულიერი განცდებით სავსე. ირმა რეალისტი მხატვარია. განსაკუთრებით უყვარს ადამიანის და ცხოველის ხატვა.
მისი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანია _ ადამიანური ღირებულებები, სულიერი ძალა, შინაგანი სამყარო.
ხშირად გამოსახავს ქალის სახეს _ სიმბოლურად, როგორც სიძლიერის, ამტანობისა და მოთმინების სახეს.
„ქალები ძლიერები ვართ“ _ ეს თითქოს უხმო გზავნილია მისი ტილოებიდან.
ფერებით წერა მისთვის თერაპიაა _ განტვირთვა და სულიერი სიმშვიდის საუკეთესო საშუალება. მხატვარი მუდმივ ძიებაშია _ ფერთა შეთანხმება, კომპოზიციის ჰარმონია, საბოლოო ბალანსი მისთვის მუსიკალურ ჰარმონიას ჰგავს, სადაც თითოეული ტონი თავის ადგილს პოულობს.
ფლორენციაში ირმა გაწევრიანდა სახვითი ხელოვნების საზოგადოებაში, დანტეს სახლის გვერდით არსებულ გალერეაში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა კოლექტიურ გამოფენებში,
ხოლო 2026 წლის 7 თებერვალი მისთვის ნანატრ დღედ იქცა _ გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა, სადაც 7 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ერთობლიობა წარადგინა.
ეს იყო ემიგრანტი ქართველი ქალის გამარჯვების დღე!
ირმა ჩუმად საუბრობს საკუთარ ხელოვნებაზე, მაგრამ მისი ტილოები ხმამაღლა და გულწრფელად მეტყველებს.
გულითადად ვულოცავთ ირმა ცინცაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვუსურვებთ შემოქმედებით აღმასვლას, ახალ პერსონალურ გამოფენებს და იმ გზის კიდევ უფრო გაფართოებას, რომელიც ქართული ხელოვნების ღირსეულ სახელს იტალიაში და მთელ მსოფლიოში ამაღლებს.
ნინო ლიპარტელიანი


