„გურია თუდეის“ მკითხველი ილო გოგეშვილი იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებიც მის სოფელში _ ნიგოითში არსებობს და რაც სერიოზულად აზარალებს მოსახლეობას:
„არაფერი სოფელში არ კეთდება. ორი ტენდერი გამოაცხადეს სკვერზე და ხედავთ, რა დღეშიცაა. კომუნისტების დროს ასეთს ჩიხს ღობავდნენ საქონლისთვის. სკოლა დაშალეს, დაფუნგეს და კაპიკების ფასად გაყიდეს. სოფლისთვის მაინც მოეცათ, მოვიხმარდით რამე საჭიროებაზე. აგერ ეკლესია შენდება და გამოვიყენებდით. არც წყალი გვაქ, არც არაფერი. 2015 წლიდან მოყოლებული ყანიდან მოსავალი ვერ ამომიტანია. ორი ხიდი გააკეთეს და ორივე უხეიროდ. ერთი ნახევარი მეტროთი ზემოთაა, მეორე კი ისეა გაკეთებული, მთელი საყანე ფართობები დატბორა. კეთილი ინებონ, მერი იქნება თუ სხვა ვინმე, მოვიდნენ, ნახონ ადგილზე რა მდგომარეობაა. თუ რამე ტყუილს ვამბობ, ერთი ფაქტი ნახონ და ბოდიშს მოვიხდი. ფაროსანას წამლავენ ვითომ და ფუტკარი მთლიანად გამინადგურეს. ღორი არა, ფუტკარი არა, ერთი საქონელი მყავს და ალბათ, იმასაც გაგვიწყვიტავენ. რა ვქნათ ჩვენ?! კეთილი ინებონ და მოვიდნენ, ნახონ საკუთარი თვალით რა მდგომარეობაში ვართ ხალხი“ _ ამბობს ილო გოგეშვილი.
მიუხედავდ იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა და საკმაოდ მასშტაბური პროექტებიც ხორციელდება, სასმელი წყლის პრობლემა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ასეთ სოფელთა რიგშია ნიგოითიც, სადაც წლებია გარკვეულ უბნებში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება პრობლემურია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა არსებული წყლის დებეტი იკლებს.
„სოფელს წყალი რომ ქონოდა, ოთხი ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ მაინც უწყლოდ ვართ. სად წავიდა, რაში გამოიყენეს ეს ფული, არავინ იცის. ახლის გაკეთება კი არა, ადრინდელი ნაყიდი რაც იყო – წყლის ავზი, ონკანის საკეტები, შლანგები, ყველაფერი მოხსნილი და წაღებულია. ამაზე მეტი დანაშაული რაღა უნდა იყოს?!“ – პრობლემაზე საუბრისას ამბობენ აქაურები.
საგულისხმოა, რომ ნიგოითელთა პრობლემა სოფლის მაჟორიტარმა, ზაზა წულაძემაც წლების წინ გააჟღერა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე: „ნიგოითში, პირველ ბრიგადაში წყლის პრობლემაა. შევისწავლე სათავე-ნაგებობაზე წყლის დებეტი და საერთოდ არ არის, ნულია გეუბნებით. არის ალტერნატივა, სადაც პროექტი იქნება გასაკეთებელი, რომლის ღირებულება დაახლოებით 17-18 ათასი ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის შემოსულობებიდან არ უნდა იყოს ეს რთული საქმე, დაახლოებით ორი წელი და ცხრა თვეა წყალი არაა, 80-მდე ოჯახი წყლის გარეშეა“, – თქვა მაჟორიტარმა 2021 წლის ივლისში გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
მაშინ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, რომ წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა არ არის მარტივი საქმე: „მიმდინარე სიტუაციაში ვერ გეუბნებით, რომ საკითხი იქნება გადაწყვეტილი, როცა იქნება თანხები გამოყოფილი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, კაპიტალურად გაკეთება და არა ისე, 15-20 ათასი ლარი არ იქნება საკმარისი ამ საქმის გასაკეთებლად“, – თქვა მაშინ სარიშვილმა.
ირკვევა, რომ საკითხის საკრებულოში გაჟღერებიდან ოთხი წლის შემდეგაც ნიგოითის მოსახლეობა წყალთან დაკავშირებით იგივე პრობლემის წინაშე დგას და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

„2 ტენდერი გამოაცხადეს, ხედავთ, რა დღეშიცაა. კომუნისტების დროს ასეთს ჩიხს საქონლისთვის ღობავდნენ…“
ნიგოითში მერის წარმომადგენელი გიგა დოლიძე ამბობს, რომ მეწყერის შედეგად წყლის სატავე-ნაგებობაა დაზიანებული და პრობლემაც ამან წარმოშვა: „დაახლოებით ორი წლის წინ ჩატარდა სრული აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ავზიც ადგილზეა და ყველაფერი სხვა დანარჩენიც, არაფერი არ არის მოპარული და წაღებული. პრობლემა მეწყერის ჩამოწოლამ წარმოშვა, სათავე-ნაგებობა დააზიანა და ამ კუთხით იგეგმება სამუშაოების ჩატარება“ – ამბობს დოლიძე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელი ასევე სანიაღვრე არხები რჩება. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა, სოფლებში ასე არაა. აქ, უმეტეს შემთხვევაში, ან საერთოდ არ არსებობს სანიაღვრეები, ან თუ არის, იმდენად მოუწესრიგებელი და ამორტიზებულია, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის.
ასეა მაგალითად სოფელ ნიგოითში, ილო გოგეშვილის შემთხვევაში. აღნიშნული პიროვნების ეზო-კარს გვერდით საკმაოდ მოზრდილი სანიღვრე არხი ჩამოუდის, რომელიც შემდეგ საყანე ფართობებში გადის. თუმცა არხი წლებია, გაუწმენდავია, წყალს ვეღარ ატარებს და უხვი ნალექის დროს გოგეშვილების საკარმიდამო ნაკვეთს ტბორავს, წყალი სახლშიც კი შედის.
„რამდენს გაწვიმდება, წყალი ეზოში შემოდის. ყველაფერს ტბორავს ბოსტანსაც და საქონლის სადგომსაც. რამდენჯერ დავსი საკითხი, რომ გასაწმენდი იყო ეს არხი, მაგრამ ნული ყურადღება. ა, აგი გამიკეთა ამ მთავრობამ, რომელსაც 2012 წელს, ორ ოპერაცია გადატანილი კაცი ძაღლივით ერთგულად დავსდევდი. მაშინ აქ თემურ ჩხაიძესთან შეხვედრა რომ იყო, 15 კაცი მივიდა და ამ 15 კაცში ოთხი ჩემი ოჯახის წევრი იყო. ახლა კი ასე მიგდებენ, რა უნდათ, არ ვიცი. ქუჩის მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებენ, არხიც გაწმინდეს, გაიყვანეს, აქეთ თითსაც არაფერს არ აკარებენ“ – ამბობს ილო გოგეშვილი.
სოფლის რწმუნებული გიგა დოლიძე ამბობს, რომ ეს საქმე საავტომობილი გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა:
„კი, მართლაც გასაწმენდია. იყო მცდელობა, რომ არხი გაწმენდილიყო, თუმცა, ტექნიკა ვერ შევიდა, საკმაოდ ვიწრო შესასვლელია. სექტემბრის თვეში ველოდებით გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს და აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს“ – ამბობს დოლიძე.


