„სანამ გვიანი არ არის, გამოფხიზლდით!!!“ _ „ლანჩხუთის მოამბე“ ფეისბუქ-გვერდზე სოფელ ნინოშვილის გზის ფოტოებს ავრცელებს.
„არაერთხელ დავწერეთ იმის თაობაზე, რომ ნინოშვილის სკოლის მოსწავლეებს ყოველდღიურად ავარიულ გზაზე უწევთ გადაადგილება. არსებული ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებას. ეს არის რისკი, რომელსაც ვერაფერი ამართლებს. ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გამოფხიზლება, როცა მძიმე შედეგი დადგება?“ _ წერს გამოცემა.
აღნიშნულს ეხმაურება ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაკა სულაბერიძე: „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის საავტომობილო გზის ცალკეულ დაზიანებულ, მეწყრულ მონაკვეთებზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთის აღდგენა 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება. გზის მონაკვეთზე დაფიქსირდა საფარის სერიოზული დაზიანებები და მეწყრული მოვლენები, რის შედეგადაც დაზიანდა მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ _ წერს იგი.




