ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ სხვა 6 ცნობილ სახესთან ერთად განათლების მოქმედი მინისტრი გივი მიქანაძე დაასახელეს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„ვინ არის გივი მიქანაძე, ლანჩხუთელია? და რა დამსახურება აქვს? არავინ არ იცის და იქნებ თქვენ იცოდეთ“ _ კითხულობს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტარებში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. მას ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ირინა ზარანდია პასუხობს _ მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდიო…
ვინ არის გივი მიქანაძე და რა აკავშირებს ლანჩხუთთან?
დაიბადა 1977 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში. პროფესიით იურისტია, 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2009 წელს – დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტი. 2002-2003 წლებში ვარშავაში გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი.
ასევე მრავალფეროვანია მისი კარიერა. 1998-1999 წლებში გახლდათ „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლის“ დირექტორი, 1999-2000 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, ხოლო 2000-2002 წლებში საჯარო სკოლა „ბალავარის“ პედაგოგი გახლდათ. პარალელურად, 2000-2001 წლებში იყო გაეროს განვითარების პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი. 2001-2003 წლებში„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარეა, 2001-2002 წლებში – შსს-ს აკადემიის მოწვეული ლექტორი.
2003-2004 წლებში „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობს. 2005 წელს ეუთო-ს პროექტის „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – დირექტორია. 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახლდათ. 2009 წელს თბილისის მერიის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე. 2011-2015 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2013-2017 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2013-2015 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერია, 2015-2016 წლებში – ევროპის საბჭოს პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი. 2016-2018 წლებში შსს-ს აკადემიის რექტორის პოზიცია ეკავა. 2016-2018 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული, 2023 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მინისტრი გივი მიქანაძე საპატიო მოქალაქის ჯილდოთი
2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, 2020-2023 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ. 2025 წელს იგი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გახდა. არის იუსტიციისა (2008) და პოლიციის (2017) პოლკოვნიკი, არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
გივი მიქანაძე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს დმანისის სოფელ ბოსლებში, რომელიც 2021 წელს 1500 დოლარად შეიძინა. იმავე სოფელში და იმავე წელს, 70 ათას ლარად იყიდა აგარაკი (1221 კვ.მ). ლანჩხუთის სოფელ არჩეულში კი, ეროვნული გმირის, თამაზ ტყეშალაშვილის სახელობის ქუჩაზე, 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 8400 ლარად გასულ წელს შეიძინა. მეუღლის სახელზეა 44 480 დოლარად ნაყიდი მშენებარე ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 55,6 კვ.მ., რომლის ჩაბარება მომავალი წლის ბოლოს იგეგმება.
ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილენდერი“ , რომელიც 2 წლის წინ 24500 დოლარად იყიდა. მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 საანგარიშო წელს, გივი მიქანაძეს მიღებული აქვს თითქმის 96 755,92 ლარის ანაზღაურება, აქედან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობისას _ 53 449,92 ლარი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან _ 18 090, ხოლო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან _ 13 266 ლარი, ასევე ჰონორარი სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის _ 5 150 ლარი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის _ 6 800 ლარი.
მისი მეუღლეა ნინო მიქანაძე, რომელიც 15 წლით უმცროსია და საქართველოს პარლამენტში წამყვან სპეციალისტად მუშაობს. მისი ანაზღაურება გასულ წელს 30 583 ლარი გახლდათ. წყვილს სამი შვილი ჰყავს _ 10 წლის დავითი, 4 წლის ლუკა და 3 წლის ნიკოლასი.
როგორც ხედავთ, გივი მიქანაძეს განათლებაც და კარიერაც ისეთი აქვს, საპატიო მოქალაქედ მისი დასახელება კითხვის ნიშანს არ უნდა ტოვებდეს, რომ არა ერთი „მაგრამ“ _ რა აკავშირებს ლანჩხუთთან მოქმედ მინისტრს? მისი სახელი მუნიციპალიტეტთან ღია წყაროებში დაკავშირებული არ არის.
როგორც „გურია თუდეიმ“ გაარკვია, მიქანაძის ფესვები სოფელ არჩეულიდანაა. ბებია-ბაბუას კარმიდამო გაყიდულია და იქ სხვა ცხოვრობს, თუმცა მინისტრმა იქვე სიახლოვეს მიწის ნაკვეთი იყიდა და სახლის აშენებას გეგმავს.
ეს ამბავი მისასალმებელია და თუნდაც ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლების დროსაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა, საპატიო მოქალაქეობაზე უარის საფუძველი ვერ იქნება, მაგრამ როცა ლანჩხუთს მასთან პირდაპირ ასოცირებული ამდენი ცნობილი/საამაყო სახე ჰყავს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქამდე „უცნობი“ გივი მიქანაძის დასახელება, რა თქმა უნდა, კითხვებს დატოვებს და განათლება-კარიერის მიხედვით აშკარად წარმატებული ადამიანის გამორჩევას პოლიტიკას დაუკავშირებენ…


