ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჟორდანიამ და კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა, თემურ ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრეს გადაცემაში „დროის სამართალი“. თემა ლანჩხუთის კლუბის ისტორია და მომავლის პერსპექტივები იყო.
თემურ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა ინტერესი „გურიას“ მიმართ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას მმართველობაში გადავიდა: „მირეკავენ, მეკითხებიან, ვინ დავიმატეთ, კალენდარი თუ გამოვიდა, ვისთან გვაქვს პირველი თამაში და ა.შ. ლანჩხუთში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული გამოცოცხლებაა“ _ თქვა კლუბის საუკუნის მოთამაშემ.
გადაცემაში გაიხსენეს ანდრო ჟორდანიას, ევგრაფი შევარდნაძის, სოსო (ბუტა) ჟორდანიას, გულსუნდა (იმედო) დუნდუას, ნოშრე ნარიაშვილი, ბეგი სიხარულიძისა და სხვათა დამსახურება „გურიას“ წინაშე.
რა თქმა უნდა, წამყვანმა მერაბ ჭიქაშვილმა კლუბის მმართველს ახალი სეზონისთვის მზადების შესახებაც ჰკითხა.
„უკვე ყველაფერი წესრიგშია, გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია. რა თქმა უნდა, „გურიას“ გაძლიერება სჭირდებოდა და საამისოდ ნაბიჯები გადადგმულია. ამჟამად ჩემი უმცროსი შვილი ლევანი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, უფრო აქტიურად არის ჩართული უშუალოდ დაკომპლექტების პროცესში, მისი მეგობარი ხელმძღვანელობს ამას. ასევე იცით, რომ საწვრთნელ პროცესს ხელმძღვანელობს „გურიას“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ჩვენი მეგობარი გოჩა ტყებუჩავა. ჩვენი გუნდი მზადაა, მეორე ლიგაში გადასასვლეად ბრძოლისთვის“ _ განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.
მისი თქმით, „გურიას“ პროექტი სტიმული იქნება სხვა გუნდებისთვის და ეს ყველაფერი წაადგება ქართულ ფეხბურთს: „რა თქმა უნდა, „გურიას“ წარმატება და კლუბში მიმდინარე პროცესები სტიმული იქნება სხვა გუნდებისთვის. ეს კი წაადგება ქართულ ფეხბურთს. მარტო ფეხბურთის ფედერაცია ამ საქმეს ვერ მიხედავს _ რაც მას ევალება, ჩემპიონატის ორგანიზება და კონკურენტული, სამართლიანი გარემოს არსებობა, ამას თავს საუკეთესოდ ართმევს. უფრო მეტი მოგვეთხოვება კლუბის მფლობელებს, სხვანაირად ქართული ფეხბურთის წინსვლა წარმოუდგენელია“ _ თქვა „გურიას“ სახელოვანმა მოთამაშემ და ახლა მმართველმა დირექტორმა.


