„მეგობრობაში გაქებენ, კაცისთვის გზა და ხიდი ხარ, ლანჩხუთი გიყვარს გულდაგულ, აქედან არსად მიდიხარ…“ _ 117 წელი ლანჩხუთის ლეგენდის, ვალოდია წულაძის დაბადებიდან

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ვალოდია წულაძე ნახატში, როლებში და ლანჩხუთის ცენტრში

მეგობრობაში გაქებენ,

კაცისთვის გზა და ხიდი ხარ,

ლანჩხუთი გიყვარს გულდაგულ,

აქედან არსად მიდიხარ,

თამარი გშვენის დედოფლად,

თავად კი მეფედ გვიზიხარ”

ეს ლექსი ლანჩხუთის რაიკომის მაშინდელი მდივნის და კულტურის ამაგდარის, დავით საბაშვილის მოსწავლე შვილმა, ნანა საბაშვილმა მიუძღვნა ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთ შესანიშნავ მსახიობს, რაიონის თეატრის ლეგენდარულ რეჟისორს და ქალაქის ნამდვილ კოლორიტს – ვალოდია წულაძეს, რომლის დაბადებიდან დღეს 117 წელი შესრულდა.

1961 წელს, მას მეუღლესთან, ულამაზეს ქალბატონ თამარ კირთაძესთან ერთად, მოღვაწეობიდან 25 წლის საიუბილეო საღამო გადაუხადეს. როგორც ამბობენ, ლანჩხუთის ლეგენდარული რაიკომის მდივანი შვილთან ერთად ადგილობრივი თეატრის რეპეტიციებსაც კი ესწრებოდა,

ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმი ლანჩხუთის კინოსა და თეატრის მოღვაწეებზე აურაცხელ მასალას ფლობს და რა გასაკვირია, ჩვენი მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათად ქცეულ რეჟიორსა და მსახიობზე უნიკალურ ისტორიებს გვთავაზობს.

ვარლამ (ვალოდია) წულაძე – მსახიობი, პოეტი, ბაზიერი, დეკლამატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე… მის შესახებ მოგითხრობთ მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით:

1908 წლის ძველი სტილით 18 სექტემბერს ანუ 1-ელ ოქტომბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში.

აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია დაამთავრა. შემდეგ, მსახიობად დაიწყო მუშაობა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მთავარ რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, აგრეთვე აბაშისა და ზუგდიდის სახალხო თეატრებში.

1959 წელს, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრს ჩაუდგა სათავეში და დადგა სპექტაკლები, რომელმაც თეატრს არაერთი 1-ლი ხარისხის დიპლომი და საპატიო სიგელი მოუტანა.

ვალოდია წულაძისა და თამარ კირთაძის საფლავის ქვა | ლანჩხუთი, აგარაკის სასაფლაო

სულ ქართულ კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს  200-მდე როლი. გარდა ამისა, გახლდათ ცნობილი ბაზიერი, რომელიც მიწვეული იყო ჩეხოსლოვაკიაში. მის ბაზიერობას ასახავს დოკუმენტური ფილმი ,,უთოფო მონადირე“.

ვალოდია წულაძე გახლავთ შესანიშნავი ლექსების ავტორი და დეკლამატორი.

ორიგინალურობით გამოირჩევა ვალოდიასეული ფორმულირება მსახიობის მისიის მიმართ –  „ამბობენ, მსახიობის შრომა მეშახტის შრომას უტოლდებაო, ჩემი აზრით, ამას უძილო ღამეებიც უნდა მიემატოს, რადგან დაღლილ მეშახტეს გემრიელად დაეძინება, დაღლილ მსახიობის უმრავლესობას კი ფიქრი და ძიება ძილშიც არ აძლევს მოსვენებასო“.

საინტერესო სახეები შექმნა ქართულ მხატვრულ ფილმებში: ,,მიქელა“ (ალექსი), ,,მაცი ხვიტია“ (ხვიჩა), ,,მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“ (იოთამი), „ჩარი-რამა“ (იპოლიტე), ,,დათა თუთაშხია“ (იასე ბერი), ,,ძახილი“ (ბაბუა ქიშვარდი), ,,მთვარის მოტაცება“ (ლუკაია ლაბახუა) და სხვ.

ლანჩხუთის საამაყო კოლორიტი 1983 წლის მაისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მეუღლესთან ერთად, აგარაკის სასაფლაოზე, რომლის საფლავის ქვასაც ეპიტაფიად ამშვენებს ამონარიდი ლექსიდან, რომელიც საყვარელი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა:

,,ჩემი და შენი ყოფნა-არყოფნა,

იყო და არის განუყოფელი,

ასე ყოფილა ეს ცოდვით სავსე,

 ბედუკუღმართი წუთისოფელი“.

დღეს, მუზეუმის თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს ლანჩხუთის თეატრის ორი ლეგენდარული მსახიობის _ ვალოდია წულაძისა და თამარ კირთაძის საფლავები.