ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ელიტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. გოლები ჰანა რასელმა, გაბრიელა კამარგომ, ანანო წიქარიძემ და ეთერ სულაშვილმა გაიტანეს. ერთი გოლი საკუთარ კარში მეტოქემ ჩაჭრა.
ამ მოგების მიუხედავად, „ლანჩხუთი“ ჩემპიონობის შენარჩუნების მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. დარჩენილ 3 შეხვედრაში „ნიკე-ლუსომ“ ლანჩხუთში უნდა წააგოს, ხოლო დანარჩები 2 შეხვედრა მაქსიმუმ ფრედ ითამაშოს. ეს კი უტოპიური პროგნოზია _ თბილისურმა კლუბმა ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ქულები, როცა პირველი წრის შეხვედრაში, ლანჩხუთში 0:0 ითამაშა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულაა
მომდევნო ტურში, 11 ოქტომბერს, გურულები „კვარტალს“ ესტუმრებიან, ხოლო 8 ნოემბერს „ნიკე-ლუსოს“ უმასპინძლებენ. გიორგი ჩხაიძის გუნდი სეზონს 30 ნოემბერს, „ელიტასთან“ გასვლითი მატჩით დაასრულებენ.
05.10.2025 | ლანჩხუთი | „ევგ. შევარდნაძე“ | ლანჩხუთი 5:0 ელიტა
1:0 რასელი (10), 2:0 კამარგო (17), 3:0 წიქარიძე (54), 4:0 კაპანაძე (64. ავტოგოლი), 5:0 სულაშვილი (77)
ლანჩხუთი: ჭრიკიშვილი, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, რასელი (67. ჯანიკაშვილი), კამარგო, წულაია (60. დიმოპულუ), ბოლქვაძე (81. ცეცხლაძე), ტელესი (60. ონიეუვენი), სულაშვილი, წიქარიძე, ჭიჭინაძე


