ლანჩხუთის რაიკომის ლეგენდარული მდივანი ოთარ მენაბდე 20 წლის შემდეგ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მშობლიური რაიონის რჩეულად მოგვევლინა. ჯინსების მოყვარული, „ყაზბეგის“ მსმელი და „პარლამენტის“ მწეველი პარლამენტარი საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:
_ ბატონო ოთარ, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდეთ…
_ ბავშვობაში ცელქი ბიჭი ვიყავი, ბევრი სათამაშო მქონდა. თბილისში, კეცხოველზე ძალიან კარგ ეზოში გავიზარდე, ჩემი მეზობლები იყვნენ: 5 აკადემიკოსი, ლადო გუდიაშვილი, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი… მაშინ რუსული იყო „მოდაში“ და ჩემდა სამარცხვინოდ, ქართული არ ვიცოდი. ცელქი კი ვიყავი, მაგრამ ჯიბგირი _ არა. კარგად ვთამაშობდი კალათბურთს…
_ ლანჩხუთამდე სად მუშაობდით…
_ რუსთავში, რამდენიმე წელი საპროექტო ინსტიტუტში დავყავი, შემდეგ ცკ-ში გადამიყვანეს… იქ რაღაც მოხდა, არ მსურს ამაზე საუბარი, მტკივნეული თემაა. 5 წელი პროფკავშირებში ვიყავი, 1990 წლიდან 2 წელი „ტოლიატის“ ამიერკავკასიის წარმომადგენლობაში ვიმუშავე… კინაღამ დამავიწყდა, ლანჩხუთიდან წავედი თუ არა, მოსკოვში საზოგადოებასთან ურთიერთობის აკადემიაში მოვეწყვე და დავამთავრე კიდეც.
_ თქვენ „ლანჩხუთის აკადემიაც“ დაამთავრეთ…
_ ჰა, ჰა, ჰა! (იცინის) „ლანჩხუთის აკადემია“ ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლებელი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სოფელი არ ვიცოდი რა იყო, ასფალტზე ვიყავი გაზრდილი. ირონიით არ ვამბობ, მაგრამ, როცა ჩამოვედი, აქ იყო ბარაკები თუ რაღაც ქოხმახები, არ არსებობდა მოედანი. ვთქვით, დავანგრიოთო, ეს მაშინ, როცა არ იყო არავითარი ფონდი, არც ფული. ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ დიდ რისკზე მივდიოდით.
_ მერედა, არ გეშინოდათ?
_ შიში მაშინ გაქვს, როცა იცი, თორემ, როცა არ იცი… მე რომ სოფელი მცოდნოდა, აქ წამოვიდოდი?!
_ თქვენზე გამიგია, რაიკომის მკაცრი მდივანი იყოო, მეტიჩარაცო…
_ არა, მეტიჩარა არასდროს ვყოფილვარ, მომთხოვნი და პრინციპული კი ვიყავი.
_ თურმე, ბევრს ეშინოდა კიდეც თქვენი…
_ არა მგონია…
_ და მაინც, როგორ მოახერხეთ ლანჩხუთელთა გულის მოგება?
_ ადამიანი რომ რაღაცას მთხოვდა, უეჭველად ვეხმარებოდი. ახლაც ბევრი მხვდება, ასე და ასე დამეხმარეთო. მე აღარ მახსოვს. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, ბევრი კარგი გავაკეთე და ახსოვს ხალხს…
_ განსხვავებული მდივანი ყოფილხართ, ბევრს უკვირდა, ჯინსს რომ იცვამდით…
_ კი, ჯინსის შარვალიც მეცვა, დილით გავდიოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით, ძაღლიც მყავდა…
_ ფართობებში თურმე ჩასაფრებებს აწყობდით…
_ ჩემთან სასაუბროდ მაგარი მომზადებული მოსულხართ (იცინის). ღამეს არ ვათევდით?! ჩაიში და ყანაში გვეძინა, აბა, ერთი დილის 6 საათზე ფართობში არ ყოფილიყო ხალხი, ნახავდნენ სეირს (იცინის)…
_ კომპარტიის მანდატი დაწვით თუ?…
_ არა, შენახული მაქვს, როგორც რელიქვია.
_ ერთი უხერხული კითხვაც, მენაბდეს ქალები მაგრად უყვარდაო…
_ ქალები ვის არ უყვარს (იცინის)?! ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ სიყვარული ჩემთვის არავის აუხსნია და არც სახლში საროსკიპო მქონდა გახსნილი…(იცინის) მაშინ ამას გადაგაყოლებდნენ.
_ 28 წლის რაიკომის პირველი მდივანი იშვიათობა იყო…

შუაში ოთარ მენაბდე | ფოტო პირადი ფეისბუქ-გვერდიდან
_ იმ პერიოდში ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. ის ახალგაზრდებსაც აძლევდა შანსს. ადამიანური პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია, თორემ მე რომ ფულის კეთება დამეწყო, 20 წლის შემდეგ ვინ ამირჩევდა?!
_ რაც მართალია, თქვენზე ნაღდად არ ამბობენ, მექრთამე იყოო.
_ ვერც იტყვიან, არ ვყოფილვარ და იმიტომ. შეიძლება, ეს იმ პერიოდში სიგიჟე იყო, მაგრამ… აი, ვინმე ერთ მაგალითს თუ დამისახელებს, წავალ!
_ თქვენ წასვლა მაშინ მოგიწიათ, როცა ე.წ. „ხუნტა“ დაგიპირისპირდათ.
_ ალბათ, ვერ ვიმუშავე კარგად. მეტი რა გითხრათ, ისედაც კარგად იცით ყველაფერი. მეგონა, გადავატრიელბდი ქვეყანას. ალბათ, ასეც არ შეიძლება. იმას, რაც გამჯდარია საზოგადოებაში, ვერ მოერევი.
_ იქნებ, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა მოხდა?
_ ზოგიერთებმა დაწერეს კოლექტიური განცხადება და მიჩივლეს, პარტიის ცკ-ს თავისი ხალხის გამართლება არ უყვარდა…
_ რამდენკაციანი იყო და ვინ შედიოდა „გადატრიალებაში“?
_ რა ვიცი, ვინც უმუშევარი იყო, ყველა აწერდა ხელს.
_ თითქმის 2 ათეული წლის შემდეგ ლანჩხუთში ტრიუმფით დაბრუნდით…
_ ლანჩხუთიდან რომ წავედი, ჩემი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრებულად ჩავთვალე. აქაურმა მეგობრებმა მირჩიეს, კენჭი მეყარა. არჩევნებს ფული იგებს, ამას არც არავინ მალავს, სააგიტაციო მუშაობა, ტრანსპორტი…
_ თქვენ საიდან გქონდათ ამდენი ფული?
_ ვინ გითხრათ, რომ ბევრი ფული გვქონდა. სხვამ რომ დახარჯა, იმის მეათედით ჩვენ არჩევნები მოვიგეთ.
_ როგორც ამბობენ, არჩევნებში თქვენი გამარჯვება ორად ორმა სარეკლმაო სიტყვამ განსაზღვრა _ ოთარ მენაბდე!..
_ ოო, ეს ნამეტანია (იცინის). არ შეიძლება, არ დაგეთანხმოთ, რომ ლანჩხუთელებს ვახსოვდი და ამან გარკვეული როლი ითამაშა.
_ არჩევნების დროს ქალაქში ხმები დადიოდა, გასვენებასა და სამძიმარზე, ავტობუსში და საერთოდ, თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება და რეკლამას იკეთებსო…
_ ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა, არჩევნებს ჭორებიც ახლავს ხოლმე.
_ დარწმუნებული იყავით გამარჯვებაში?
_ არა, უბრალოდ, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი.
_ მაშ, ძველი ავტორიტეტის გარდა, გამარჯვების საიდუმლო რა იყო?
_ საარჩევნო კამპანია ყველაზე უკეთ წარვმართეთ, უფრო მეტად ორგანიზებულები ვიყავით.
_ თურმე, არაჯენტლმენურ ხერხებსაც მიმართავდით, სხვა კანდიდატის პროპაგანდას რომ ეწეოდნენ, ფარულად ისინიც თქვენი რეკლამით იყვნენ დაკავებული…
_ (იცინის) ჩემი მხარდაჭერა თუ უნდოდათ, ხელს ხომ არ შევუშლიდით და განგებ ასეთი რამეები არ გვიკადრებია.
_ მართალია, ზეწოლა იყოო?..
_…
_ იქნებ, თხოვნა იყო „ზემოდან“…
_ ჰმ, მაინც მათქმევინეთ. ზეწოლა იყო, რა თქმა უნდა… მარტო ჩემზე კი არა, ყველაზე. ჩემზე, ალბათ, მაინც რბილი ზეწოლა იყო (იცინის).
_ თქვენ პირველ ტურში პირწმინდად წააგეთ მთავარ კონკურენტთან, თქვენსავით ექს-რაიკომის მდივანთან, თამაზ კუნჭულიასთან. ელოდით, რომ მეორე ტურში ასე რადიკალურად შეიცვლებოდა ყველაფერი?
_ ველოდი, აბა რა! დიდი სხვაობით მარცხი გამოუცდელობის ბრალი იყო. არ ვიცოდით რაღაცეები _ პირველ ტურში „მოქალაქეებს“ თუ ჰქონდათ, როგორც ამბობდნენ, 33 ხრიკი, ჩვენ ეს ავითვისეთ და ერთი ამდენი კიდევ მივამატეთ (იცინის).
_ მაინც რა ხრიკებია?
_ ოოო, ეს საიდუმლოა…
_ რა ამის პასუხია და გოგი თოფაძეს როდის დაუკავშირდით?
_ ალბათ, საუკუნეა ვიცნობ… სხვათა შორის, თავიდან „მოქალაქეთა“ სიით უნდა მეყარა კენჭი, მაგრამ რაღაც მოხდა.
_ გავიგე, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებსო…
_ არჩევნებამდე ჯერ საკმაო დროა, თუმცა, ვადასტურებ, რომ ძნელია დღევანდელ ყოფაში მეორედ აგირჩიონ, იმიტომ, რომ მოსახლეობა ისეთს მოელის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. მეორედ რომ კენჭი ვიყარო, არ ამირჩევენ, პროგნოზებში არ ვცდები ხოლმე.
_ ბევრის აზრით, თქვენ უფრო სასარგებლო გამგებელი იქნებოდით.
_ მართალია, პრაქტიკული საქმეების კეთება უფრო შემიძლია, მაგრამ ჩემი აზრით, დღეს გამგებელი ახალგაზრდა უნდა იყოს, უფრო თანამედროვედ აზროვნებდეს. ისეც ნუ გამიგებთ, ბებერი ვიყო, ან ძველ დროში ჩავრჩი…
_ გამგებლობის ერთ-ერთ კანდიდატად გასახელებდნენ, მაგრამ მალევე გაქრა თქვენი გვარი არცთუ მცირერიცხოვანი სიიდან.
_ მე თავიდანვე ვთქვი უარი.
_ გუბერნატორობაზე პრეზიდენტს ერთხელ უარი უთხარით, კიდევ რომ შემოგთავაზონ?
_ რა უხერხულ კითხვებს მისვამთ. კი მეუბნებოდნენ თქვენზე, საშიშიაო (იცინის). 1992-93 წლებში ლანჩხუთის გამგებლობასაც მთავაზობდნენ, მაგრამ ზედმეტად არასდროს შემიფასებია ჩემი შესაძლებლობები.
_ ფიქრობთ, რომ ვერ „გაქაჩავდით“?!
_ როგორ ვერ „გავქაჩავდი“… რახან შემომიჩნდით, ჯერ ჩამიწყვეთ და თუ შემომთავაზებენ, დავფიქრდები (გულიანად იცინის). მართლა ასე არ დაწეროთ, გეხუმრეთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, დასვენება მინდა, სადარდებელი არ მქონდეს, დიდ პენსიას ვიღებდე და შვილიშვილს ვზრდიდე. დგება მომენტი, როცა ადამიანი ლიმონივით გამოიწურება. ზოგს ეს 90 წლისას ემართება, მე კი, მგონი, უკვე ვიწურები…
მამუკა ქანთარია
ინტერვიუ ჩაწერილია 2002 წელს