ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დასრულდა გურული მოზარდის ოპერაცია, რომელსაც დღეს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მატარებელი დაეჯახა.
პატარა ანდრიამ დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მე-4 კლასელი ბიჭის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ოპერაცია, არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმატებით დასრულდა. მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.
ამის შესახებ წერს სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდიაც: „უფლის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაირა, იმაზე უკეთესად, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ახლა მთავარია, ყველა ლანჩხუთელმა და არა მარტო ლანჩხუთელმა, ვილოცოთ ანდრიასთვის“ _ წერს იგი.
„გურია თუდეი“ პატარა ანდრიას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!




