„ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ ირლანდიელი ბიჭის შთაბეჭდილებები შუხუთის ლელოზე: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…

|

Loading

„გურული და წესები არ არსებობს“

– ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს? – ვუყვიროდი ჩემ გვერდით მდგომ ჩემს ქართველ მეგობარს, თუმცა ვიცოდი, რომ ვერ გავაგონებდი… მაინც გაიგონა – ალბათ, ძალიან სასოწარკვეთილი ხმით ვყვიროდი.

– არა, კაცო, ამათ რა მოკლავს! – ლადო რატომღაც იცინოდა, ყვირილით იცინოდა, მე კი გაოგნებული შევცქეროდი ასამდე მებრძოლ გაოფლილ კაცს, ზოგს – წელზემოთ შიშველს, ზოგს – უკვე შემოხეული მაისურით, ზოგს – შემოსახევად გამზადებულით… ზოგს – სრულიად ყმაწვილს, ზოგს – ჭაღარაშერეულს… დროდადრო ეს ჭრელი ბრბო მტვერსა და ბუღში გაეხვეოდა, ხოლო როცა მტვერი გაიფანტებოდა, ვხედავდი, როგორ ეგდო ძირს, ორღობეში, რამდენიმე მობურთალი… მადლობა ღმერთს – ცოცხალი.

ბურთსაც დროდადრო ვხედავდი, ჩვენებური რაგბის ბურთის მაგვარს, აქ რომ ძალიან ნაზ სახელს – „ლელოს“ ეძახდნენ… ყურში მედგა ღრიალი, ხვნეშა, გინება…

როცა დარემში დავბრუნდები და ჩემი მეგობარი კენ უოლში დამიწყებს მოყოლას უელსელი მეშახტეების ბრიალა თვალებზე, მათ გიჟმაჟ გართობაზე, სიტყვის ამოუღებლად დავუდებ წინ ამ ფოტოებს და ხმას ჩავაწყვეტინებ

– ლადო, ორი სიტყვით წესები ამიხსენი რა… – ყვირილით ხვეწნა გაგიგიათ? – ასე ვეხვეწებოდი.

– გურული და წესი ერთად არ არსებობს… ისევე, როგორც თქვენთან, რა გიკვირს?..

ლადო მართალი იყო. თუ რამე წესსა და რიგზე მიდგებოდა საქმე, „უწესობა“ ირლანდიელს არ უნდა გაჰკვირვებოდა. მე თუ მკითხავთ, ეს თამაში, საერთოდაც, ირლანდიელებს უნდა გამოეგონებინათ. როცა ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც დიდ შეცდომასთან თუ უსამართლობასთან მქონდა საქმე. ნახვით კი – გურიაში ვნახე, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, როცა ჩემს მეგობარს, ლადო მარაქველიძეს გავყევი. აღდგომა ახლოვდებოდა. რადგან ქართული ჯერ კიდევ ამერიკაში ვისწავლე (დოდონა კიზირიას ნასტუდენტარი ყმაწვილებისგან) და ჩემს მეგობართა შორისაც ბევრი ქართველი „ჯიგარი ბიჭი“ ერია (თუნდაც ლადო რად ღირს!), გურიაში თავს უცხოდ არ ვგრძნობდი… თუმცა – წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაცას უნდა გავეოცებინე და მეგონა, რომ ეს „რაღაც“ ქართული აღდგომის ფოლკლორული ვარიაციები იქნებოდა: შინაური, ნაზი, ამაღლებული… ლელოც აღდგომა დღეს იმართება და ნამდვილად არაფერია მასში ნაზი, თუმცა ამაღლებული „დასტურ“ (როგორც ლადოს მსახიობი ბებია, ქალბატონი ბელა იტყოდა) არის. ერთი კი ვიფიქრე: რატომ მაინცდამაინც აღდგომა დღეს-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არ მიკითხავს, რადგან ისიც კი ვიცოდი, რას მიპასუხებდნენ: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…

მე და ლადოც მივყვებოდით გამარჯვებულებს. ისინი, მაღლა აწეული ბურთით ხელში, ბედნიერები და ამაყები სასაფლაოს აღმართს შეუყვნენ… ერთ საფლავთან შევჩერდით. ბიჭებმა საფლავის მიწაზე, წითელ კვერცხებთან და პასკის ნაჭერთან ერთად, ბურთიც დაასვენეს… „იცი, რა ბიჭი იყო? – წამჩურჩულა ლადომ, – „ნამდვილი ცეცხლი… ან როგორ თამაშობდა, ან როგორ ხუმრობდა… აქამდე ჩემი თავი გულჩვილი არ მეგონა. არადა, თურმე მტირალაც კი ვყოფილვარ.

იმ საღამოს ვფიქრობდი: როცა დარემში დავბრუნდები და ჩემი მეგობარი კენ უოლში დამიწყებს მოყოლას უელსელი მეშახტეების ბრიალა თვალებზე, ღაჟღაჟა ლოყებსა და შავ ულვაშებზე, მათ გიჟმაჟ გართობაზე, სიტყვის ამოუღებლად დავუდებ წინ ამ ფოტოებს და ხმას ჩავაწყვეტინებ.

რას ჩივი?